1791570985
ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი საქართველოს ეწვია
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი ხავიერ სეუბა, რომელიც ქუთაისში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ახალი სივრცის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ცენტრის ბაზაზე ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებასა და EPO-ს მხარდაჭერით განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ ახალ სივრცეში EPO-ს მხარდაჭერით უკვე დაგეგმილია პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, კანდიდატებისთვის წინასაგამოცდო მოსამზადებელი კურსის გავლა, რომელსაც სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის(CEIPI) პროფესორები გაუძღვებიან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, განიხილეს უწყვეტი პროფესიული განვითარების, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობები.
ევროპის საპატენტო უწყების აკადემია (European Patent Academy) EPO-ს საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე უნივერსიტეტებთან და ბიზნესთან თანამშრომლობის განვითარებაზე მუშაობს.












