მზეზე, ყველაზე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა — მეცნიერები შესაძლო შედეგებს იკვლევენ
1791569676
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმების დადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უგულებელყო აშშ-ის დაახლოებით ექვსი მოთხოვნა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები. ამის შესახებ Axios-ს აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გამოცემის ცნობით, ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ უკრაინასთან ახალი კრიზისი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მცდელობას, მიაღწიოს შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ.
"ზელენსკი ვითარებას არასწორად აფასებს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გაგრძელებით ის თანდათან ანადგურებს იმ კეთილგანწყობას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტრამპის მხრიდან მოიპოვა," - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
შეთანხმების გამოცხადების შემდეგ Axios-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. მან შეთანხმებას უსამართლო და არაკეთილსინდისიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ის პუტინისთვის გაუმართლებელ საჩუქარს წარმოადგენს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო თვეებში უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა და რუსეთში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. საპასუხოდ, რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ზეწოლა დიზელის გლობალურ ბაზარზე, რომელიც ირანში მიმდინარე ომის გამოც ისედაც დაძაბული იყო. ზელენსკიმ ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ მზად იყო, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, იმ პირობით, თუ რუსეთი უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმებს შეწყვეტდა.
აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპს სურდა, უკრაინას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები ცალმხრივად შეეწყვიტა, რადგან ეს დარტყმები აშშ-ში ბენზინის ფასების ზრდას უწყობდა ხელს. მისივე თქმით, ტრამპი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, რუსეთის მიერ უკრაინის ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების ტოლფასად არ მიიჩნევდა.
Axios-ი წერს, რომ მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებების დროს, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს განუცხადეს, რომ მოსალოდნელი იყო ტრამპის სატელეფონო საუბარი პუტინთან და რუსეთის დიზელის ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნა. გამოცემის ცნობით, უკრაინულ მხარეს განუმარტეს, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ არაერთხელ უგულებელყო მოთხოვნები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, რადგან ეს დარტყმები უშუალოდ ამერიკელ მომხმარებლებზე ახდენდა გავლენას.
უკრაინის ერთ-ერთი ოფიციალური პირის მტკიცებით, მოლაპარაკებების დროს უიტკოფი და კუშნერი დაემუქრნენ უკრაინას, რომ თუ ქვეყანა კვლავ უგულებელყოფდა ტრამპის მოთხოვნებს, აშშ-ს შეეძლო მისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეეწყვიტა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ამერიკის მხრიდან ასეთი მუქარის არსებობა უარყო. მისი თქმით, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებს განუცხადეს, რომ აშშ მათი ძლიერი პარტნიორია, რომელიც მათ საბრძოლო მასალებითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათი თქმით, უკრაინამ ისეთი ქმედებები არ უნდა განახორციელოს, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს ზიანს მიაყენებს.
"ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები რუსეთს ტკივილს აყენებს, მაგრამ ის ტკივილს აყენებს აშშ-საც," – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ოფიციალური პირის თქმით, დიზელის საწვავთან დაკავშირებული შეთანხმების გამო ახალი კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის შუამავლებმა პარასკევს მაიამიში უკრაინელ და ევროპელ დიპლომატებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები გამართეს.
მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო შეთანხმება, რომლებსაც აშშ, ევროპა და ნატო უკრაინას ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მისცემდნენ. ასევე, წამოაყენეს ტერიტორიული საკითხების მოგვარების ახალი წინადადებები. უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინას ომისშემდგომი დახმარების პაკეტი წარუდგინეს. ის მოიცავდა უკრაინის აღდგენის დაფინანსებისა და უკრაინის არმიის ხელახლა გაძლიერების გზებს, ასევე, ომის შედეგად წარმოქმნილი საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევის იდეებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების "საგზაო რუკა"და ის, თუ როგორი ურთიერთობა ექნება უკრაინას ნატო-სთან ომის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, უიტკოფმა და კუშნერმა წამოჭრეს ევროპასა და რუსეთს შორის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნებოდა.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ რუსეთთან შესაძლო ენერგეტიკული შეთანხმებები ენერგომატარებლების ფასებს შეამცირებს და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებს.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, უიტკოფი და კუშნერი განიხილავენ შესაძლებლობას, მომავალ კვირას მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო წინადადებების განსახილველად ეწვიონ. თუმცა, როგორც Axios-ი წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს მათ გეგმებზე არსებული უთანხმოება.
ამასთან, როგორც Axios-ი აღნიშნავს, ტრამპთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს პუტინს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ვალდებულება არ აუღია.