„ეს ნივთი თუ სწორად არ გამოიყენე, იმაზე მეტი ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ვიდრე უნიტაზზე...“ - რის შესახებ საუბრობს გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს რეგულარულად უზიარებს. ამჯერად მან TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სამზარეულოში ყოველდღიურად გამოყენებული ნივთის, სარეცხი ღრუბლის პოტენციურ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, სარეცხი ღრუბელი არასწორი და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მრავალი დაავადების წყაროდ იქცეს.

„სამზარეულოს ეს ნივთი, თუ სწორად არ გამოიყენე, ძალიან ბევრი დაავადების წყარო შეიძლება გახდეს. მასზე იმაზე მეტი ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ვიდრე უნიტაზზე — ზოგ შემთხვევაში უნიტაზი უფრო სუფთაც კი შეიძლება იყოს,“ — აღნიშნავს ექიმი.

გიორგი ღოღობერიძის განმარტებით, ღრუბლის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე, არასწორი მოვლის პირობებში, შესაძლოა 45 მილიონამდე ბაქტერია დაგროვდეს. ამის მიზეზი მისი სტრუქტურაა — ღრუბელს მრავალი ფორა აქვს, სადაც ჭურჭლის რეცხვისას საკვების ნარჩენები გროვდება. თუ გამოყენების შემდეგ იგი სათანადოდ არ გაშრა, მასში ტენიანი გარემო იქმნება, რაც ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამზარეულოს ჰიგიენას და სარეცხი ღრუბელი რეგულარულად გამოცვალონ ან შესაბამისი წესით დაამუშაონ, რათა ინფექციების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.