"ერთხელ, შემთხვევით საცივი გადავასხი კოსტიუმზე, მე ვტიროდი, მან კი სიცილი დაიწყო" - ვინ არის თბილისში ცნობილი გიდი, რომელიც ექსპრეზიდენტის მზარეული იყო

Vendt

თბილისში დაბადებული კაროლინა ვენდტი დღეს ერთ-ერთი ცნობილი გიდია - ტურისტებს საქართველოს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას აცნობს. ის ეთნიკური პოლონელია. მისი წინაპრები საქართველოში ჩამოვიდნენ და მას შემდეგ, თაობები აქ ცხოვრობენ.

კაროლინა ვენდტი გიდობამდე ბორტ გამცილებლად მუშაობდა, მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მზარეული იყო. კაროლინა ვენდტი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იხსენებს, რომ 15 წლის ასაკში, მზარეულად მიყვანილი კიკინებიანი გოგონა ვერც კი აცნობიერებდა, სად მუშაობდა. ამბობს, რომ ერთხელ როცა შემთხვევით ედუარდ შევარდნაძეს პიჯაკზე საცივი გადაასხა, სირცხვილისგან ატირდა... 

"15 წლისამ კრწანისში, სამთავრობო აგარაკზე, ედუარდ შევარდნაძესთან დავიწყე მუშაობა. კულინარიულ ტექნიკუმში სწავლისას მინისტრთა საბჭოდან მოვიდა დელეგაცია და 25 სტუდენტი შეარჩია. მე, როგორ ფრიადოსანი, მათ შორის მოვხვდი. დიდი კონკურსი გავიარეთ, შემდეგ ჟიურიმ ხუთი სტუდენტი შეგვარჩია და დაგვტოვეს. რადგან არასრულწლოვანი ვიყავი და მუშაობის უფლება არ მქონდა, ყალბი პასპორტი მომცეს.

კონკურსის დროს გაგვაფრთხილეს, რომ მინისტრთა საბჭოში მივყავდით, შემდეგ კი გამოგვიცხადეს, რომ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძესთან მოგვიწევდა მუშაობა. ბავშვები ვიყავით და არც კი გვქონდა გააზრებული, რა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა.

ლამაზი ფორმები დაგვირიგეს, მახსოვს, როდესაც შევარდნაძეს პირველად შევხვდი, კიკინები მეკეთა, ზედ თეთრი ბაფთებით. გადმოვიდა "ჩაიკიდან" და რომ დამინახა, როგორი პიონერი მოგიყვანიათო, თქვა. შემრცხვა და ტირილი დავიწყე. რა გატირებსო, გამიცინა... ერთხელ ბატონ ედუარდს შემთხვევით საცივი გადავასხი კოსტიუმზე. მაშინაც მოვრთე ტირილი, მან კი სიცილი დაიწყო, რა მტირალა ყოფილხარო.

ხუთი წლის შემდეგ ბორტ გამცილებლად დავიწყე მუშაობა და რადგან ცნობილი გახდა, რომ ბატონ ედუარდთან ვმუშაობდი, როდესაც შევარდნაძე სადმე მიფრინავდა, მის ბორტ გამცილებლად მე მიშვებდნენ. როცა დამინახავდა, მეხუმრებოდა, იმედია, აღარაფერს გადამასხამო. სალმიანი, გულისხმიერი, მოღიმარი კაცი იყო. არ მახსოვს, ვინმესთვის შენიშვნა მიეცა ან გასწყრომოდა, ან სამსახურიდან მოეხსნა.

მერე საერთაშორისო ასოციაციის გიდების სკოლა დავამთავრე. ახლა ძველ თბილისში, მცხეთაში, კახეთში, ბორჯომსა და ყაზბეგში ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტები დამყავს. მიხარია, როცა მეუბნებიან, მოგვაჯადოვა საქართველომ, აქ გატარებული დღეები დაუვიწყარი იქნებაო. თუ კულინარიაში მასტერკლასებსაც ვუტარებ - ხინკალს მოვახვევინებ ან ჩურჩხელას ამოვავლებინებ, ბავშვებივით ხარობენ.

თბილისში დავიბადე. წარმოშობით პოლონელი ვარ... ბაბუა თბილისში დაფუძნდა. სახელოსნო გაუხსნია, ფორტეპიანოებს აწყობდა. მე და ჩემი ორი ძმა აქ დავიბადეთ. მიყვარს საქართველო. ჩემთვის მშობლიურია ქართული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ისტორია. მეუღლეც ქართველი მყავს. სულით ხორცამდე თბილისელი ვარ." - ამბობს კაროლინა ვენდტი.