„ერთი თვე არ არის, რაც ჩამოვედი.. მოკითხვის ნაცვლად იმას მეუბნებიან, როდის მიდიხარო“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

ემიგრანტი

ემიგრანტები, რომლებიც საკუთარ მშობლებს, შვილებსა და საყვარელ ადამიანებს ტოვებენ,  ხშირად ძალიან მგრძნობიარეები ხდებიან. ამ დროს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს თითოეულ სიტყვას მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ალბათ თქვენც გიკითხავთ რამდენიმეწლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული ნაცნობ-ახლობლისთვის, რატომ ჩამოვიდა, ან აპირებს თუ არა უკან დაბრუნებას და ვერც გაგიცნობიერებიათ, რომ შეიძლება ეს მას სწყენოდა. დაფიქრების შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენთვის უწყინარი კითხვა შესაძლოა, სხვისთვის უტაქტო და გულდასაწყვეტი აღმოჩნდეს.

„პრაიმტაიმი“ ემიგრანტების ერთ-ერთი ჯგუფიდან გთავაზობთ პოსტს, სადაც ნათლად არის გამოხატული ის ემოციები, რომელსაც სამშობლოს, სახლ-კარს მონატრებული ადამიანი განიცდის დაბრუნების შემდეგ. ანჟელა ასანიძის ეს ისტორია მომავალში უხერხულობას ნამდვილად აგაცილებთ თავიდან.

„ერთი თვე არ არის, რაც საქართველოში ჩამოვედი 4-წლიანი ემიგრაციის შემდეგ. რატომ ვწერ ამ ყველაფერს - ძალიან გაკვირვებული და გაოგნებული ვარ აქ იმ ხალხისგან, რომელიც დავტოვე.

მოკითხვის ნაცვლად, პირველი რასაც მეკითხებიან არის ის, ისევ მივდივარ თუ არა, როდის მივდივარ ან რამდენი ხნით ჩამოვედი. დღეს დილით მეზობელი მეუბნება, რატომ ჩამოვედიო. პირი დამრჩა ღია, ძალიან გავღიზიანდი და ვუთხარი, @რაკის ბანვით დავიღალე და ახლა უნდა დავისვენო-თქო! პასუხი - არა, განა ცუდად გკითხე, უბრალოდ, ვინც მიდის, აღარ მოდიან, იქ უნდათ ყოფნაო.

აქ დარჩენილები იმას ვერ ხვდებიან, რომ სიტუაცია მოითხოვს ლუკმაპურის საშოვნელად და იმ ოცნებების ასასრულებად წახვიდე, რასაც საქართველოში ვერ ახერხებ. გინდა, არ გინდა შენს მიწას ტოვებ, შენს სახლს, შენიანებს, შენთვის საყვარელ ადამიანებს, ნუთუ ცოტა აზროვნება არ გაგაჩნიათ, ან ლოგიკურად რომ იმსჯელოთ და დაფიქრდეთ თქვენს თითოეულ კითხვაზე. „როდის მიდიხარ“, „რატომ ჩამოხვედი“, განა ეს უნდა უთხრათ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ადამიანს, რომელიც წლები შორს იყო იმ ყველაფრისგან, რაც მანამდე დატოვა და მოაგროვა საკუთარ მიწაზე, ლამაზი ბედნიერი წუთებიდან დაწყებული..

მოდით, სანამ რამეს იტყვით, აჯობებს, რომ ცოტა დაფიქრდეთ და ემიგრაციიდან დაბრუნებულებისკენ თქვენი სიტყვები ისე ისროლოთ.

ჩემი ემიგრაციაში ყოფნისას ქართველები ამბობდნენ, რომ აქ ქართველს ვეღარ იცნობ, ერთმანეთის მიმართ ძალიან შეიცვალნენო და მეც ვიტყვი უკვე ჩემს მიწაზე, გული მწყდება, დროსთან ერთად ქართველებიც რომ ვიცვლებით. ადამიანებო, ვეცადოთ, რომ ბევრი სიყვარული და სიკეთე გამოვამჟღავნოთ და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის, თორემ დაგვრჩება ოხრად.“ - ვკითხულობთ ანჟელა ასანიძის პოსტში.