პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
4 წლის დათის უკვე იცნობთ. უფლის გზები რომ შეუცნობელია, ესეც იცით. ჯერ კიდევ ცხოვრების დასაწყისში, რატომ უწევთ პატარებს ვერაგ სენთან შებრძოლება, აი, ამას კი, ჩვენი გონი ვერ წვდება.
ოთხი წლის ბავშვს უცებ ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ტვინის ქვედა ნაწილში გაჩენილ ამ ვერაგობას, მედულობლასტომა ჰქვია და ის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის სიმსივნე ყოფილა. მოკლედ...! "რატომ? როგორ? რატომ?" ყორნებივით დასეულ კითხვებს ვერ გაუმკლავდები. ამგვარი ფაქტების არსს რომ ჩასწვდე, წმინდა ბერი თუ არა, ურყევ რწმენაში მყოფი მაინც უნდა იყო. მშობელი კი, მოულოდნელად ჩამოქცეულ ცას ხელით იჭერს და მიღებულ განსაცდელს, სიმწრის ბურთებად ყლაპავს. რწმენაა ის ერთადერთი, რასაც ავტომატურად ეჯაჭვები განსაცდელში და მით უფრო, ასეთში. სამყაროსთან გამიჯვნა ხდება. უფალს უახლოვდები, ისედაც გულში მყოფს! და შვილზე ეჩურჩულები...
აქვეა მამა გაბრიელიც! ჩვენი დროის უდიდესი წმინდა მამა... იცით, როგორ იცის მის წიაღში შეშვება? დააკვირდით მის თვალებს, მოისმინეთ მისი ხმა, წაიკითხეთ მისი ისტორიები, იფიქრეთ მასზე და მიგიღებთ, მოგისმენთ, მისიანად გაქცევთ...
მამა გაბრიელმა დათი ოპერაციის წინ დალოცა. პატარა ბიჭს, დედა პარასკევამ, წმინდანის ნაქონი ქუდი დაახურა, მანტია მოასხა და უხრწნელი სისხლით ჯვარი გადასახა. თან წმინდა მამასთან კონტაქტობდა... დათის მშობლებს დიდი მამის სიტყვები გადასცა - დათი ჯანმრთელი იქნებაო...
დედა პარასკევამ ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით, სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს.
"როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას, შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა.
როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია" - ამბობს დედა პარასკევა "პრაიმტაიმთან".
და ჭეშმარიტად ასეც არის... მამა გაბრიელის ლოცვით, დათის ოპერაციამ, ვნების კვირის ოთხშაბათს, წარმატებით ჩაიარა. მერე სამთავროს დედათა მონასტერში, დედის ლოცვა ახდენდა სასწაულებს... დედის ლოცვა მთებს ძრავს, ხომ იცით. მერე დათისთვის სისხლის ბანკი, უამრავი კეთილი ადამიანის სისხლით უცებ შეივსო.
ჰოდა, ასე...
მამიკოს ერთადერთი ბიჭი, სარეაბილიტაციო პროცესს, მალე, მადრიდში სხივური თერაპიით ჩაანაცვლებს. მკურნალობას ჯანდაცვის უწყება აფინანსებს. თუმცა უცხოეთში ჩასვლას, ჯერ განუსაზღვრელი დროით იქ ცხოვრებას, მედიკამენტებს, სხვადასხვა, ჯერ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და ამ ყველაფერთან ადაპტირებას, ჩვენი ხელფასები რომ არ ეყოფა, ცხადზე უცხადესია... ბავშვის მამამ, ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა საზოგადოების დახმარება ითხოვა. ამ უწესიერეს ბიჭს, ეს რადაც დაუჯდა, ღმერთმა იცის! მაგრამ შვილისთვის რაზე არ მიდიხარ...! უამრავმა ადამიანმა გულთან მიიტანა პატარა დათის ამბავი. ოჯახს გვერდით დაუდგნენ.
რწმენით სავსე, კეთილი გულის ადამიანებს ისევ შეგიძლიათ პატარა დათის სრულად გამოჯანმრთელებაში მიიღოთ მონაწილეობა... მამა გაბრიელი დაგვლოცავს, უფალი - გვაცხონებს...
***
"მამა გაბრიელმა მითხრა, რომ დათი ჯანმრთელი ბიჭი იქნება, კარგად იქნება. როგორ, რანაირად ვიღებ ამ ინფორმაციას, არ ვიცი, ვერ გეტყვით. წამიერად მადლისმიერი გზით მოდის. თვითონაც არ მაქვს წარმოდგენა, როგორ. აღარ ვუღრმავდები. ამ მადლს უფლისგან ვიღებ და მორჩა. მერე აღარც მახსოვს, ვივიწყებ. აღარ ვერევი..." - გვეუბნება დედა პარასკევა და გვლოცავს.
ყველაზე ემოციური თხოვნა მამისგან კი ეს არის:
"ვიცი, ბევრს საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს და მიჭირს ამას რომ ვწერ, მაგრამ ბოდიშის მოხდით, ჩემი შვილისთვის…"
საქართველოს ბანკი
#GE07BG0000000103273965
თიბისი ბანკი
#GE61TB7770445061600003
მიმღები: თორნიკე ყაჯრიშვილი
ასევე დაგაინტერესებთ:
"თავიდან მწყინდა, რის გამო დამსაჯა ღმერთმა? რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი-მეთქი? მადლობა უფალს, ამ ამბავს არ გავუბოროტებივარ..." - დათი ქოქრაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ