„საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები სხეულსაც. ის აჯანსაღებს სახსრებს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“ - ბერი პაისის სასარგებლო რჩევები მეტანიებზე

beri paisi

მარხვა სხვა პერიოდისგან ლოცვის გაძლიერებით გამოირჩევა. ლოცვისას ვაკეთებთ მეტანიას. მეტანია (ბერძ. მეტა-ნოია – „სინანული“) — თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომაა. ორგვარი წესი საეკლესიო ტიბიკონში: მცირე – პირჯვრის გამოსახვა; დიდი – მუხლის მოყრა, შუბლით მიწაზე შეხება.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

წმინდა მამა, ბერი პაისი მეტანიას სულიერ ტანვარჯიშს უწოდებს და ამბობს, რომ გარდა სულიერი გაძლიერებისა, მეტანია აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას და ამშვიდებს ადამიანს. 

აი, უფრო ვრცლად წმინდა მამის მოსაზრება მეტანიაზე. 

წმინდა ბერი პაისი: მეტანიები ყველა სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად გვეხმარება.

- მამაო სხეული გტკივათ?

- არა, რადგან სულიერ ტანვარჯიშს ვასრულებ. მეტანიებს. ერის კაცები ვარჯიშებს აკეთებენ, მონაზვნები მეტანიებს, ერის კაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, მონაზვნები მეტანიებით - სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟკაცებს ადამიანს. ამავდროულად აძლევს შესაძლებლობას ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე, ასევე მთების მწვერვალებზე თავისუფლად და ქოშინის გარეშე.

მეტანია აუცილებელია როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ასაკიანებისთვის, მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლებისგან. ძლიერი აღნაგობის ადამიანმა უფრო მეტი მეტანია უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებისკენ მიდრეკილმა. ისე, როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს.

მეტანია განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ. ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები, შეასრულეთ რამდენადაც შეგიძლიათ ბევრი მეტანია თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება. 

მეტანია ლოცვაა, თუმცა ამავდროულად ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას, მეორე სარგებელი - მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, მესამე - აჯანსაღებს ხორცს და მოაქვს ჯანმრთელობა ადამიანისთვის.

მეტანიებით ღვთისგან შენდობას ვითხოვთ და გამოვხატავთ მადლიერებას.

როდესაც მეტანიებს ასრულებ, წარმოიდგინე, რომ ღვთის წინაშე დგახარ და თაყვანს სცემ, ასე შეგიყვარდება მეტანიები. 

მეტანიები საკუთარი თავისთვის თუ მოყვასისთვის, უმნიშვნელოვანესია ყველა სხვა ხელსაქმესთან შედარებით. ეს არის ხელსაქმე დაუსრულებელი ღვაწლით. მთავარია, ადამიანს კეთილშობილება ჰქონდეს და სინანულით იღწვოდეს. მეტანიებს ამიტომაც ეწოდებათ სინანული. სიტყვა სინანული ბერძნულად ჟღერს როგორც მეტანია.

მეტანიის კეთებისას ვმდაბლდებით და ღვთისგან შენდობას ვითხოვთ.  

კარგი იქნება, როდესაც მეტანიის კეთებას ვიწყებთ, მდაბლად ვთქვათ: უფალო, ვცოდე, მომიტევე. 

ყველაზე მთავარია, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება. მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას. როდესაც კაცი მადლიერების გრძნობით აღივსება, ასრულებს მეტანიებს ქრისტეს მიმართ კეთილშობილების, აღმაფრენის, სიყვარულის გამო. მაშინ ის ვერ გრძნობს დაღლას ისევე, როგორც მამის ხილვით გამოწვეული აღმაფრენისგან და სიხარულისგან დახტიან პატარა შვილები დაუღლელად. 

რასაც მეტი შრომა ახლავს, მეტი ფასი აქვს.

ყოველი მეტანიის დროს ფეხზე უნდა წამოდგე, ამით ღვთის წინაშე დიდ თაყვანისცემას ასრულებ და სხეულისთვისაც უფრო ადვილია. დიდი მეტანიის დროს იატაკს ხელისგულებით კი არ უნდა შეეხო (ამან შეიძლება მყესები დაგიზიანოს), არამედ შეკრული მტევნით, ანუ მუჭებით. ხოლო ხელებზე კოჟრები რომ არ გაგიჩნდეს, წინ რბილი ხალიჩა დაიფინე. 

რაც უფრო იმატებს ასაკი, ფიზიკური ძალები ბუნებრივად იკლებს. გულმოდგინედ განაგრძე შენი ღვაწლი და როცა ვერ შეძლებ ყველა დიდი მეტანიების კეთებას, მცირე მეტანიით ან იესოს ლოცვით ჩაანაცვლე.  

- მამაო ფეხები და წელი მტკივა...

- თუ მეტანიებს გააკეთებ, დაგეხმარება. სცადე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ და ნახე, როგორ ჯობია. მახსოვს, მამა ტიხონი რომ ხანში შევიდა და დიდი მეტანიების შესრულებისას წამოდგომა უჭირდა, ჭერზე მსხვილი თოკი დაკიდა და მისი დახმარებით წამოდგებოდა. ასე აგრძელებდა ღვთის კრძალულებას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დღემდე. მოღვაწე ხერხს მიმართავს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ... ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ - ბერი პაისის დარიგება

როცა დიასახლისი სახლს ალაგებს და თან გულში ლოცულობს, იცოდეთ, მაშინ მთლიანად სახლის კურთხევა ხდება“ - ბერი პაისი

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ... - მოძღვარი მრევლს მიმართავს