"დღისით არ ვჭამ, საღამოს, დას ცოტა ფულს რომ მივუტან, საჭმელს მიმზადებს" - თამრო თავის ცხოვრებაზე გვიამბობს

tamro

თამრო სილაგაძე სიონში ყვავილებით შემოვიდა და ტრადიციულად, 20 თეთრით დახმარება ითხოვა. დადის ნაჩუქარი, "შელახული" ყვავილებით და მოწყალებას ითხოვს. ზოგჯერ მეყიდება, ზოგჯერ - არაო, ემპათიაზე  ადეკვატურად რეაგირებს და თავის თავზე გიყვება...

ნაგლეჯებად დამახსოვრებული ცხოვრების ფურცლებზე ერთმანეთს კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები ცვლის, მათგან ზოგს სიყვარულთან აიგივებს, ზოგს სარეცლის გაყოფასთან. დადის და იდუმალება დააქვს, გადაცრეცილი პომადის და ლაქის მიღმა, სევდიანი ქალის აჩრდილი იმზირება. 

ამბობენ, 90-იან წლებში, ქუთაისში, შეძლებული სილაგაძეების ოჯახი  დააყაჩაღესო. იყო ვერსია, თამროზე და მის დაზე, მარიზე სექსუალურად იძალადეს, მშობლები კი, გოგონებს თვალწინ დაუხოცესო. დებს დამალვა მოუხერხებიათ. თუმცა მომხდარმა ინციდენტმა მათ ფსიქიკას სერიოზული დაღი დაასვა.

 თამრო: დასთან და სიძესთან ერთად ვცხოვრობ, ავლაბარში.

სახლიდან მშიერი არ გამოვდივარ. საღამოს, ჩემ დას ცოტა ფულს რომ მივუტან, საჭმელს მიმზადებს. დღისით არ ვჭამ. მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ. მუცელი მებერება. დღეს ნახევარი თეფში ლობიო გეახელით პურთან ერთად. რასაც ვშოულობ, დასთან მიმაქვს ფული. ყვავილებს ბარათაშვილის ქუჩაზე, მეყვავილე მარინა მჩუქნის. იმან გაიხაროს. მერე მე ვყიდი. ეკლესიებში დავდივარ. ზოგჯერ მეყიდება, ზოგჯერ ვმათხოვრობ.  ჩემი და ბარათაშვილზე ქალის წელწინდებით ვაჭრობს.

პარფიუმერია მიყვარს. მჩუქნიან ნაცნობები. თმა სალონში შემღებეს, თუშოს წყალობით. მერე ჩემმა დამ გადამღება. 

ცოლიან თენგო მუშკუდიანს ვუყვარდი, მაგრამ ოჯახი არ დავუნგრიე. ორი შვილი ჰყავს. ნასწავლი კაცია, პოლიტექნიკური აქვს დამთავრებული, მე გეოგრაფი ვარ. 

35 წლის წინ სხვა მიყვარდა, ქუთაისში... დიდი ხანია თბილისში ვარ. თუმცა ჩემი მშობლიური ქუთაისი მიყვარს. 

13 ივლისს 63 წლის ვხდები... შარშან ტორტი მაჩუქეს სანთლებით. წელს ვნახოთ...