Exclusive: „მე არ მიმიტოვებია, მითხრა, ჩამოვალო და აღარ ჩამოვიდა...“ - ტიკ-ტოკის ვარსკვლავი თამროს ტრაგიკული ისტორია

თამრო

ვიბადებით, ვიზრდებით, საზოგადოების წევრები ვხვდებით, ვაკეთებთ საყვარელ საქმეს და უამრავი ადამიანის მეხსიერებაში სამუდამოდ ვილექებით. არავინ იცის, განგება ვის რას უმზადებს. ასეა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირიც.

ქერა, გაშლილი თმა, დიდი, წყლიანი, მწვანე თვალები, ტუჩები წითლად შეღებილი, თვალქვეშ ცისფერი ჩრდილები, მხარზე დიდი ჩანთა და ხელში აუცილებლად ყვავილების თაიგული - დიახ, ეს თამროა.

62 წლის თამრიკო სილაგაძე ყველასგან გამორჩეულია თავისი გარეგნობით, ჩაცმის სტილით, მეტყველებითა და საუბრისას მოულოდნელი წასვლით...

მას თბილისელებზე უკეთ ქუთაისელები იცნობენ. ამბობენ, რომ თამუნიას ქუჩაში გასვლა და გადაადგილება შეუმჩნეველი არავისთვის რჩებოდა. მისი გარეგნობა ყველას ყურადღებას იპყრობდა. თუმცა ერთმა ტრაგიკულმა დღემ მისი და მისი ტყუპისცალი დის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა... მოულოდნელად, თამრო გაქრა, მეზობლებმა და თანაქალაქელებმა მისი ასავალ-დასავლის შესახებ გარკვეულ დრომდე არაფერი იცოდნენ.

ბოლო წლებში, ქალი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილდება, ტაძრებში ყვავილებს ყიდის და მოწყალებას ითხოვს. როგორც თავად ამბობს, კვირა დღეს ისვენებს.

თამროს ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ისტორიის გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც კაფე „ჯინჯერის“ თანამშრომელმა ტიკტოკში ვიდეოების დადება აქტიურად დაიწყო. იაკობ გიგოიძე, იგივე თუშო თამროს ყოველ დილა-საღამოს ნახულობს, უმასპინძლდება და აქვე, მისი ცხოვრების შესახებ პატარ-პატარა ვიდეოებს იღებს.

თუშოს წყალობით, თამრომ ერთ-ერთი ადამიანისგან საჩუქრად ტელეფონი მიიღო, ასევე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და უამრავი ბიჟუტერია. მოქალაქეები ჭავჭავაძის 26 ნომერში მიდიან და ქალს სხვადასხვა საჩუქარს უტოვებენ. თამროს ერთადერთი თხოვნაა, რომ მისი სიხარულის ავტორები შემდეგ პირადად ნახოს და გაიცნოს.

„პრაიმტაიმი“ თამროს საყვარელ ლოკაციას ესტუმრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. საკუთარი თავის შესახებ საუბარს სტუდენტობიდან იწყებს. ბავშვობაზე თითქმის არავისთან საუბრობს. 

თამრიკო სილაგაძე: „1979 წელს გეოგრაფია-ბიოლოგიურზე ჩავაბარე უნივერსიტეტში, 1984 წელს დავამთავრე. ქუთაისის 39-ე, მე-40 და სამხედრო სემინარიაში ვასწავლიდი. 20 წელი ვასწავლიდი გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ადამიანის ანატომიას, საბჭოთა კავშირის ფიზიკურ გეოგრაფიას, კონტინენტების გეოგრაფიას...

ძალიან ნიჭიერი ვიყავი. გეოგრაფიაში 5 ქულა მივიღე, 5 - ბიოლოგიაში, 4 - ქიმიაში, 4 - ქართულში. 22 ქულით ჩავაბარე. ქუთაისში, წულუკიძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი.

ჩემი მოსწავლეები მხვდებიან ხოლმე. არ ვიყავი მკაცრი, 2 რომ ეკუთვნოდათ, 3-ს ვუწერდი, 3 რომ ეკუთვნოდათ 4-ს. 4-ზე 5-ს. წახალისების მიზნით, 1 ქულით მეტს ვუწერდი. ყველა სწავლობდა. მოსწავლეებს ვუყვარდი...

- როდის წამოხვედი ქუთაისიდან, ახლა სად და ვისთან ერთად ცხოვრობ?

- ქუთაისიდან უკვე 10 წელია, რაც წამოვედი. ხანდახან ჩავდივარ ხოლმე. ახლა ავლაბარში, დასთან და სიძესთან ერთად ვცხოვრობ. [თამრო ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ როცა მისი სიძე თვრება, მას ფიზიკურად უსწორდება]. 

- თქვენი დილა როგორ იწყება, გიყვართ გაპრანჭვა?

- ჩემი ტყუპისცალი და მთხუპნის ხოლმე. დილაობით ბარათაშვილზე მივდივარ, მეყვავილეები ყვავილებს მჩუქნიან, ვიღებ და შემდეგ ტაძრებში ვყიდი. ჭავჭავაძეზე დავდივარ ეკლესიებში. ჩემს დას მანქანა დაეჯახა და ფეხის პროთეზი აქვს. მასზე ვლოცულობ ხოლმე. 

- ხშირად ამბობ, რომ გათხოვილი იყავი და თეთრი კაბა გეცვა. ვინ იყო შენი რჩეული? 

- თენგო მუშკუდიანზე ვიყავი 9 წელი გათხოვილი. მეტრო ვარკეთილთან ახლოს ვცხოვრობდით. მე არ მიმიტოვებია. სამტრედიაში იყო წასული, მითხრა, ჩამოვალო და აღარ ჩამოვიდა. მას შემდეგ მასზე აღარაფერი ვიცი.

და როგორც სჩვევია, თამრო მოულოდნელად ადგა და წავიდა. ამბობს, რომ 2 ვაჟი ჰყავს, ორივე სტუდენტი, თუმცა, ამას მისი ახლობელ-ნაცნობები არ ადასტურებენ.

როგორც უკვე გითხარით, სანამ თამროს ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა, მშობლიურ ქუთაისში ტყუპი დების შესახებ არაფერი იცოდნენ. ზოგიერთს რატომღაც, გარდაცვლილებიც კი ეგონათ. იქ ყველამ იცის, რომ დები შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ და მათი მამა კარგ თანამდებობას იკავებდა. დაახლოებით, 23-25 წლის ასაკში მომხდარმა შემთხვევამ ამ ოჯახის მთელი ცხოვრება განსაზღვრა. 

„პრაიმტაიმი“ თამროს ტრაგიკული ცხოვრების გასარკვევად რამდენიმე ადგილობრივს ესაუბრა. გთავაზობთ, ერთ-ერთი ქალის მონათხრობს.

„დები ქუთაისში, გორაზე, ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. უძლიერესი ოჯახი იყო. ორივე და უაღრესად განათლებულები არიან. დედაჩემი რომ ხედავდა, გული უკვდებოდა, რა გოგოები, როგორ გაფუჭდნენო... გარეთ რომ გამოდიოდნენ, თვალი ჭამს და თვალი სვამს, ასე იყვნენო.

მაგრამ... 90-იან წლებში, მით უმეტეს, ქუთაისში, შეძლებული ოჯახების  დაყაჩაღების ფაქტები ხშირი იყო. ცხადია, ასეთი ოჯახი ქურდებს მხედველობის მიღმა არ დარჩებოდა, სახლში შეუცვივდნენ. აქ ასე ამბობენ, ოჯახმა ის ხალხი ამოიცნოო... იყო ვერსია, ორივე დაზე სექსუალურად იძალადესო, თუმცა დედა ამბობს, რომ მშობლები გოგონებს თვალწინ დაუხოცეს, მათ კი დამალვა მოახერხეს. ამან დების ფსიქიკაზე სერიოზული გავლენა მოახდინა.

მამა პოლიციელი ჰყავდა, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. შეიძლება, მაგიტომაც გადაეკიდნენ ეს ქურდები და დახოცეს. უამრავი ვერსია დადის, მშობლების მკვლელებს ვერ მიაგნეს...

თამროსგან ცოტა განსხვავებულია თავის და. მარი რომ დაოჯახდა, სიძემ ქუთაისში ყველაფერი გაყიდა და წავიდნენ. მას შემდეგ არაფერი ვიცოდით.  რომ აღარ ჩანდნენ, ჩვენ ყველას გარდაცვლილები გვეგონა.

ჩემს ბავშვობაში მარი ქუთაისში, წითელ ხიდთან ხაჭაპურებს ყიდდა. თამრო ზუსტად ასეთი იყო, როგორც თბილისში, ყვავილებით დადიოდა და ყიდდა. მადლობლები ვართ, რომ ასე უდგას ხალხი გვერდით და ყურადღებას აქცევენ.“ - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.