„პომადებს და ტუშს მჩუქნიან... ყველაზე მეტად ვაკე მიყვარს...“ - სევდიანად კეკლუცი, კოლორიტი თამრო თავისი ამბებით

koloriti

ჯვართამაღლებაა. ჯვრის მამაში წირვა დასრულდა, ტაძრიდან ნაზიარები გამოვდივარ და თან ვერც გამოვდივარ. ზიარების მადლით სავსე ადამიანებმა იციან, რა სიხარულია ეს, სულის ჟრჟოლვა და სხვა განზომილება. ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება, რამდენიმე საათით სისხლის სტუქტურასაც კი გვიცვლის. 

მიახლოვდება მამა თავმასი, თავისი იავნანების კრებულს მჩუქნის - კი გაქვს შენ ჩემი ეს კრებული, მაგრამ გჩუქნი და ვისაც გულით გინდა, აჩუქეო.

ტაძარში ყვავილების თაიგულით შემოდის თამრო, ლურჯად შეღებილი წამწამებით და ვარდებიანი ჟილეტით.

"20 თეთრი, მომეცი, რა..." - თქვა და მოიარა დაცლილი ტაძარი და გასასვლელთან მისულს, უცებ მიღებული გადაწყვეტილებით, მამა თავმასის კრებული გავუწოდე.

"იცი, ეს ლექსები ამ მოძღვარმა დაწერა და მასზე სიმღერებს დათო არჩვაძე მღერის" - ვეუბნები და კრებულზე დართულ ფოტოს ვაჩვენებ.

"უი, ასეთი ნიჭიერია?" - ინტერესდება და ტაძრის კარის წინ, ეზოში ჯდება. პატარა, თხელ კრებულს საგულდაგულოდ კითხულობს. გადაცლილი თეთრ ლაქიანი თითებით ფურცლავს და დროდადრო ავტორს აქებს - "რა კარგი ლექსები აქვს..."

ტაძრიდან მამა თავმასი გამოდის. თამროს მოძღვარზე ვანიშნებ, "აი, ამ ლექსების ავტორი მამაო."

- დედა, რა ნიჭიერი ყოფილხარ, ააა?! - კომპლიმენტს პირდაპირ ეუბნება და კითხვას აგრძელებს. 

"იცი, გეოგრაფიის მასწავლებელი იყო", ამჯერად თამროზე მანიშნებს მოძღვარი და დანანებით იღიმება. მღვდლის ამ ღიმილში თამროს მთელი ახლანდელი ცხოვრების სევდა დევს. იდუმალის და ამოუცნობის. ("პრაიმტაიმის" მკითხველმა ქუთაისელი თამრო სილაგაძის ისტორია იცის.) 

გეოგრაფიის ხსენებაზე კოლორიტი ქალი კრებულიდან თავს წევს მაღლა და მოულოდნელად კითხვებს მაყრის: - "იცი, რამდენი ოკეანეა დედამიწაზე? ყველაზე მაღალი მწვერვალი? იცი, მდინარე  კონგო ორჯერ გადაკვეთს ეკვადორს? კუნძული რას ეწოდება მითხარი?"

უცებ მასწავლებლად იქცა და სხვა სიამაყე გაუმეფდა სახეზე. იმან, რაშიც ძლიერია, წუთიერად გააბედნიერა და უპირატესობა იგრძნო დიალოგში. სადავე ჩამოვართვი და იდუმალებაში შეჭრა გადავწყვიტე.

- ყვავილები გიყვართ?

- მიყვარს. მჩუქნიან. მერე ვყიდი.

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებთ?

- ყოველდღე. მჩუქნიან პომადებს და ტუშს. საღამოს ვიშორებ.

- ფეხით დადიხართ სხვადასხვა უბანში და ყველაზე მეტად რომელი უბანი გიყვართ?

 - ვაკე. ვაკეში შეყვარებული მყავს და ამიტომ... 

- იცი, დღეს ჯვართამაღლებაა. გიყვართ დღესასწაულები?

 - ამიტომ არის ხალხი ტაძარში? მიყვარს, ყველაზე მეტად ნინოოობა მიყვარს.

- მაინც რატომ?

კითხვა პასუხგაუცემელი მრჩება. თამრო მიდის, ისეთივე უდარდელობითა და ისევე უმისამართოდ, როგორც მირანდა მიატოვა რამდენიმე დღის წინ, სპონტანური ინტერვიუს დროს და... მოწყალების თხოვნა გააგრძელა...

ადამიანებს გვიყვარს იდუმალი ისტორიები, იდუმალი პერსონაჟებითა და ამოუცნობი ამბებით. ხშირად ამგვარი იდუმალი ადამიანები, ზურგით ტრაგიკულ ისტორიებს ატარებენ. ისტორიებს, რომლებიც არასდროს ტოვებენ მათ და იმ შემხმარი ტუშისა და ჩრდილის მიღმა, ჩაგუბებულ დიდ ტკივილს ალმაცერად ფარავენ.

და ხშირად ეს ადამიანები ქრისტესთან უფრო ახლოს მდგომნი და მართლები არიან, ვიდრე ჩვენ, ეკლესიიდან გამოსულნი, მოწესრიგებულნი და შემბრალებლური მზერით, ზემოდან მომზირალი მორალისტები...

მრავალ ჯვართამაღლებას დაესწარით...