პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე აფხაზეთელებს გუშინდელ დღესავით ახსოვთ, ის საშინელი და ჯოჯოხეთური დღეები, რაც იმ დღეებში გამოიარეს.
მათ ამის შესახებ დღემდე არ უსაუბრიათ.
"27 სექტემბერს როგორც კი დაეცა სოხუმი,ჩვენთან მეზობლებში ატყდა პანიკა,მალე აფხაზები ერისწყალს მოადგებიანო,(ილორთან).
სახლში ვიყავით, მე მამა, მამიდა და ჩემი უფროსი და. დედა გალის სამშობიარო სახლში მუშაობდა და როგორც მერე გადმოსულზე გვითხრა, ახალნამშობიარებ პაციენტებს ვერ ტოვებდა.
მეზობელი ქალის ხმა დღემდე ჩამესმის ყურში-შემოდიან აფხაზები.
სოფელში ჩაერთო სირენაც, ვინ როგორ ახერხებდა ისე გარბოდა. ჩვენი სახლის წინ რკინიგზა გადიოდა და მატარებელი, რომლის ბოლო გაჩერება სოფელი ინგირი იყო.
მამაჩემი და მამიდაჩემი ცდილობდნენ რაც გვქონდა სახლში გადაემალათ...თხილის მოსავალიც გვქონდა ასე 5 ტონამდე. მე მაშინ 9 წლის ვიყავი და ამ არეულობაში რაც მოვიფიქრე, იყო ის რომ პარკი ვიშოვე და ჩემი სახლის მიწა ჩავყარე. გულის ჯიბეში მედო ჩემი სახლის მიწა. მამამ და მამიდამ მეზობლებს გამოგვაყოლეს ზუგდიდამდე. თვითონ კი სახლში დარჩნენ.
ჩვენი ორსართულიანი სახლი, როგორც ჩემს ქუჩაზე ყველა სახლი,30 სექტემბერს გადაწვეს",- ასე იხსენებს 29 წლის წინანდელ ამბავს ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი დ. ხარჩილავა.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, 5 საათი დასჭირდათ ზუგდიდამდე ჩამოსვლას, ნათესავის სახლში სოფელ ინგირში.
„ისე თბილად მიგვიღო ოჯახმა მე და ჩემი და. მეორე დილა რომ გათენდა,არაფერი ვიცოდი დედაჩემის შესახებ. გავეპარე ნათესავებს და ხიდზე წავედი, დედას ველოდი...
მობრუნებულზე, ნაშუადღევს ინგირის სადგურზე ჩამოდგა მატარებელი-სოხუმი-თბილისი. დედა იმ მატარებელს ჩამოჰყვა, დაჭრილებთან და ჩემებთან ერთად და მაშინ მივხვდი, რომ გავიზარდე.... დედას ვეხუტებოდით მე და ჩემი და... თითქოს წამი გაჩერდა.
არაფერი არ გადმოგვიტანია და ნოლიდან დავიწყეთ ცხოვრება. ეს იყო ბოლო მატარებელი 1993 წლის 30 სექტემბერს, მას შემდეგ დრო გაიყინა“.- გვიყვება იგი.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, 30 სექტემბერს, 18:30 წუთზე აფხაზმა სეპარატისტებმა ენგურის ხიდთან გამარჯვება იზეიმეს. გამარჯვების აღმნიშვნელი ზალპების სროლამ მისი თქმით, 40 წუთს გასტანა.
„გაჩნდა წარწერა „აპსნი“ და დღემდე იმედი დაბრუნების... დედა და სოხუმიდან ჩამოსული ბოლო მატარებელი ჩემი ბავშვობის დასასრული გამოდგა“,- გვითხრა მან.