სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი, სოხუმის დაცემით დასრულდა.

1992-93 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა. აფხაზეთმა კი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.

ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, აფხაზეთიდან დევნილი 250 ათასზე მეტი ქართველი, კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და სამშვიდობოს კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ.