დამლაგებელმა ბინაში 4 წლის წინ გარდაცვლილი კაცის ფერფლი იპოვა - დაუჯერებელი ფაქტი თბილისში, რომელიც გასულ წელს აღმოაჩინეს

qali

4 წლის წინ, მოსკოვში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც მიწას მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიაბარეს. ხონელი კაცის დაუჯერებელი ისტორია ნამდვილია და ტრაგი-კომიკური დასასრული აქვს – მისი დამარხვა ნათესავებს უბრალოდ დაავიწყდათ.

რესპონდენტის თხოვნით, მისი სახელი და გვარი შეცვლილია, დაკონკრეტების შემთხვევაში, მთელი სანათესავო გამკიცხავსო, ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

ყველაფერი იმერეთის ერთ ულამაზეს სოფელში დაიწყო, ხონელი ცოლ-ქმარი შვილთან ერთად მოსკოვში 90-იან წლებში ემიგრანტებად წავიდნენ და თან შვილი, გივი წაიყვანეს. ახლა, ცოცხალი არცერთი აღარაა.

გივი მოსკოვში იზრდებოდა, მან რუს ქალბატონზე იქორწინა, შვილებიც შეეძინათ, მაგრამ მათი გზები გაიყარა და გივიზე უარი ოჯახის წევრებმა მას შემდეგ თქვეს, რაც მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და მოსავლელი გახდა. ამიტომ, გივიმ სიცოცხლე რუსეთის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა.

სიკვდილამდე კი, გივი მაისურაძემ რუსეთში მცხოვრებ ბიძაშვილს უკანასკნელი სურვილი გაუმხილა – აქ, უცხო მიწაზე არ დამტოვო, სამშობლოში დამკრძალეო, უთქვამს. მისი გადმოსვენება გარკვეულ სირთულეებთან იყო კავშირში. ამიტომ, ბიძაშვილმა მისი კრემაცია გადაწყვიტა და ფერფლი საქართველოში იმ იმედით გამოგზავნა, რომ რამდენიმე თვეში ჩამოვიდოდა და მშობლიურ სოფელში ქართული წეს-ჩვეულებისამებრ დაკრძალავდა – ქელეხით, ნათესავების დატირებით და საგვარეულო სასაფლაოზე უკანასკნელი განსასვენებლის დადებით.

თუმცა, ეს ყველაფერი გეგმად დარჩა. გივის ბიძაშვილი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. მისი გვამური ფერფლი კი, მის დაკეტილ სახლში, მისაღებ ოთახში საპატიო ადგილას, ხატებთან სპეციალური ქილით განათავსეს. ამასობაში გავიდა სამი წელი, დაკეტილ ბინაში საცხოვრებლად გადასვლა მათმა ნათესავმა ლიკა მაისურაძემ გადაწყვიტა… დამლაგებელი დაიქირავა და სახლის დასუფთავება სთხოვა.

დამლაგებელმა ქალმა შემთხვევით გივის „გვამი“ იპოვა, ლიკას ჰკითხა, რა უცნაური ქილაა, რა არისო?! პასუხმა განაცვიფრა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ლიკა ირწმუნება, რომ სანამ გივის დაასაფლავებდნენ სახლში უჩვეულო ამბები ხდებოდა…

„მოსკოვში მამას ბიძაშვილი გარდაიცვალა. ის მშობლებთან ერთად წლების წინ, 90-იანებში წავიდა. მშობლები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. გივის ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა, ცოლ-შვილმა მის მოვლაზე უარი თქვა და მოხუცთან თავშესაფარში მიიყვანეს.

მოსკოვში მამიდაჩემი ცხოვრობს. ის აკითხავდა ხოლმე ბიძაშვილს და ყურადღებას აქცევდა. სანამ გივი გარდაიცვლებოდა, მამიდაჩემს სთხოვა, ჩემს სამშობლოში დამკრძალე, აქ არ დამტოვოო. სირთულეების გამო, მისი კრემაცია გადაწყდა და ახლობელმა სპეციალური ქილით გვამური ფერფლი ჩამოიტანა. მამიდაჩემის ბინაში, მისაღებ ოთხში, ხატებთან დავასვენეთ.

მამიდამ გაგვაფრთხილა, თბილისში ჩამოვალ და მას ხონში დავმარხავ ქართული წესებითო.

მერე ორი წელი ისე გავიდა, რომ მამიდა ვერ ჩამოვიდა. ასე დარჩა მისი ცარიელი ბინის ბინადრად გივი. რამდენიმე კვირის წინ, ამ სახლში საცხოვრებლად გადასვლა გადავწყვიტე.

დამლაგებელი სახლს ალაგებდა, როცა მკითხა, რა უცნაური ქილაა ხატებთან, რა არისო. მაშინ გამახსენდა გივი და ავუხსენი ვითარება, ინსტინქტურად წამომცდა, უი ეგ გარდაცვლილი ბიძაჩემი გივია-მეთქი, შეშინებულ ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა… იმ წლების განმავლობაში, რაც დაუმარხავი გივის ფერფლი ინახებოდა, მამიდას ხან რომელი მეზობელი მირეკავდა და ხან – რომელი, ხან გადაკეტილი წყალი სკდებოდა, ხანაც – გამორთული ელექტრობა იწვებოდა.

მამიდას ვუთხარი, სანამ შენს სახლში გარდაცვლილი გივია, მე მანდ არ ვიცხოვრებ-მეთქი. თავიდან მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე დამთანხმდა და ის მამაჩემის საფლავში ქილიანად დავმარხეთ იმ იმედით, რომ მამიდა ხონში გადაასვენებს.

სასულიერო პირს ავუხსენი ვითარება და პანაშვიდი გადავახდევინე, საფლავიც ვაკურთხებინე და სახლიც. სხვათა შორის, ამის შემდეგ, მსგავსი უცნაური შემთხვევები არ მომხდარა. სავარაუდოდ, ზაფხულში გივის გვამს ისევ შეეცვლება მისამართი და საბოლოო განსასვენებელს მართლაც ეღირსება.“ – ჰყვება ლიკა მაისურაძე.