დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იაპონელი ჩიკა ოგი საქართველოში რეზო გაბრიაძისგან მიღებულმა კულტურულმა შოკმა ჩამოიყვანა; ქართველი გენიოსის "რამონა" რომ უნახავს", გაოგნებულს, მაშინვე გადაუწყვეტია იმ ქვეყნის ახლოს გაცნობა, საიდანაც ამ დაუვიწყარი მარიონეტების შემქმნელი იყო; გაბრიაძის შემოქმედებით აღფრთოვანებულს გზად მიშა არობელიძე გადაეყარა, პროფესიით მსახიობი, თავგადასავლების მაძიებელი მაქსიმალისტი, რომელსაც რვა წელი მოგზაურობაში უკვე ჰქონდა გატარებული და სამშობლოსკენ მიმავალ გზას ადგა;
მონათესავე სულების შეხვედრა იღბლიანი აღმოჩნდა, აგერ უკვე ხუთი წელია ერთად ცხოვრობენ, გურიაში ეკო ტურიზმს ავითარებენ, გურულად საუბრობენ, ხუმრობენ და სოფლის ცხოვრებას უკეთესს ხდიან;
დანარჩენს "პრაიმტამის" მკითხველს მიშა თავად უყვება:
მიშა არობელიძე: სტუდენტობის შემდეგ, დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ვმოგზაურობდი ავტოსტოპით... ბოლოს არგენტინიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, დოჰას აეროპორტში ჩიკას რომ შევხვდი. ისიც საქართველოში მოფრინავდა... რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სპექტაკლი რომ ნახა, აღფრთოვანდა და ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული მოდიოდა, ჩვენი კულტურის უკეთ გასაცნობად. მე დავეხმარე, დავახლოვდით და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ.
მე ოზურგეთიდან ვარ, იქ ვცხოვრობ. მე და ჩიკამ რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობა გადავწყვიტეთ; გვინდოდა ბუნების წიაღში გვქონოდა სივრცე, ჩვენთვისაც თერაპიული და ჩანაფიქრისთვისაც საუკეთესო;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ვაკიჯვარი ყველაზე მაღალი სოფელია, ბახმაროს მთის მისადგომებთან მდებარე;
მოკლედ, ეკო ტურიზმისთვის ეს სოფელი შევარჩიეთ;
სახელი მკაფიო უნდა ყოფილიყო, გურიასთან შეხება ჰქონოდა, ჩამოი უტრირებულად გვეჩვენა და დავარქვით "ჩამო";
გვინდოდა ეს ყოფილიყო არა მხოლოდ კემპინგის, არამედ კულტურული თავშეყრის ადგილიც;
გავაკეთეთ შემეცნებითი პროექტი "მიკროსამყარო"; მოგვეწვია საინტერესო ადამიანი ხელოვნების სფეროდან და მიკროსამყაროს თემატიკაზე ლექცია წაეკითხა აუდიტორიასთან;
2020 წელს პირველი სტუმარი გიორგი კეკელიძე იყო; მერე კოვიდპანდემია დაიწყო;
"ჩამოს" სივრცეში გვაქვს საკემპინგე, გვაქვს კოტეჯი;
ძირითადად, უცხოურ სეგმენტზე ვმუშაობთ; პლატფორმაზე გვაქვს განაცხადი, რისი გაკეთება გვინდა, რა პროექტი გვაქვს და მსურველები გვეხმიანებიან;
გვაქვს მოხალისეობრივი პროგრამები და თუ "ჩამოში" რამე გვაქვს გასაკეთებელი, სხვადასხვა ქვეყნიდან თუ კუთხიდან ჩამოსული ადამიანები აკეთებენ; მაგალითად 16 მეტრიანი კიბე, რომელიც მდინარესთან ჩადის, გერმანელმა მოხალისეებმა გაგვაკეთებინეს, ღობე - ბრიტანელმა და ტაილანდელმა მოხალისეებმა; ამ დროს თავისთავად კულტურის გაცვლა ხდება და ერთი მეორის ხარჯზე ვიზრდებით ადამიანები;
გვყავს სტუმრები შტატებიდან, დუბაიდან, ევროპის ქვეყნებიდან, სამხრეთ ამერიკიდანაც;
ჩიკა
მიშა: ჩიკა იაპონელია, ტოკიოდან ერთი საათის სავალზე მდებარე ქალაქიდან; ფიჯის მთა პირდაპირ მისი სახლის წინ დგას;
პროფესიით ბალერინაა; თბილისში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობია;
ქართული საკმაოდ კარგად ისწავლა, დედაჩემისგან გურული დიალექტით; ამიტომ გურული უკეთ ესმის; მოი აქანა, ბაღანა; ისეთი საყვარელი ქართულით ლაპარაკობს, მოსმენა არ მოგბეზრდება;
გურიაში მოსწონთ იაპონელი რძალი, შეყვარებულები არიან ჩიკაზე; ის ისეთი ადამიანურია, სხვანაირად შეუძლებელია მისადმი განეწყონ;
მოსწონს ქართული ურთიერთობები, მეგობრობა, თბილი და მეგობრული ხალხი ხართო, ამბობს;
მე ტიპური ქართველი არ ვარ, საკმაოდ ორგანიზებული ადამიანი ვარ, ქართველებს გვაკლია ორგანიზება; მაგრამ ჩიკას სტანდარტებს ვერც მე ვაკმაყოფილებ; მას თავისი ქვეყანასავით საათივით აწყობილი განრიგი აქვს; მასზე ფეხის აწყობა რთული იყო თავიდან;
ერთ ისტორიას გავიხსენებ; ორი ამერიკელი მეგობარი მსტუმრობდა გურიაში და თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ; მე წინა დღეს ავტობუსის ბილეთები ვუყიდე; მეორე დღეს ბარგით მისულებს ავტობუსი რომ არ დაგვხვდა სადგურში, ასეთი პასუხი მივიღე, მძღოლი ქორწილში წავიდა და ავტობუსი არ იქნებაო; მეც გამიჭირდა ამ ამბის მიღება, მაგრამ ჩიკამ საერთოდ ვერ გაიგო, ეს რას ნიშნავდა; ვერ ხვდება ქართველები როცა ვამბობთ, ავტობუსმა გამასწროო; რას ნიშნავს, ავტობუსმა გაგასწრო, ანუ შენ დაიგვიანეო, ამბობს; ავტობუსის გრაფიკის დაგვიანება გაუგებარი იყო მისთვის;
იაპონია გამაოგნებელი ქვეყანაა; არის ტრადიციულიც და სუპერგანვითარებულიც; ძალიან კონკრეტულები არიან, გათვლილი აქვთ ყველაფერი, ქარხანასავით აწყობილი; იქ მეტროთი რომ ვმგზავრობდი, ვაკვირდებოდი, მგზავრებს ან ეძინათ, ან პლანშეტებში, ტელეფონებში მუშაობენ;
ვსწავლობ იაპონურს, ვერბალური ნაწილი არ არის რთული, დამწერლობის რა გითხრათ; ამიტომ არიან მაგარი არქიტექტორები, ასეთი დამწერლობა აქვთ;
ძირითადად, გურიაში ვარ, ჩიკა თეატრის გამო თბილისშია; ერთ კვირას მე ჩამოვდივარ თბილისში, მეორე კვირას ის ჩამოდის და ვართ ასე;
გიორგი კეკელიძე გვერდით გვიდგას; მოდი, ბიბლიოთეკა გავაკეთოთო რომ შემოგვთავაზა, გამიხარდა; ჩვენც გვინდოდა სოფელში ამ სიკეთის შეტანა;
ბიბლიოთეკას ვაკეთებთ ურემზე; ეს იქნება მომცრო ზომის ბიბლიოთეკა, რომელიც "ჩამოში" იდგება; წიგნებით ჩვენი სტუმრებიც ისარგებლებენ და სოფლის მკვიდრნიც; ურემი თავისი კონსტრუქციით უნდა გავამზადოთ, წიგნებით გიორგი მოგვამარაგებს;
ასევე დაგაინტერესებთ: ასეთი რამეები არ მიყვარს. მეუხერხულება, არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მიმართლებს" - რა სიახლეა ნანი ბრეგვაძესთან