„ჩემი წასვლის შემდეგ, ოჯახში ტრაგედია დატრიალდა... ეს ტვირთი მე ყოველთვის მექნება“ – ლექსო თორაძის ინტერვიუ „პრაიმთაიმის“ არქივიდან

toradze

69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. პიანისტი აშშ-ში ცხოვრობდა.

გთავაზობთ ინტერვიუს „პრაიმთაიმის“ არქივიდან, რომელიც 2013 წელს არის ჩაწერილი.

მსმენელის მოჯადოება ეს მისი ხელწერაა… ნამდვილად შეუძლია თავისი მგრძნობიარე ნოტებით წაგიყვანოს იქ, სადაც ჯერ არასდროს ყოფილხარ…
გამოგზაუროს ჯადოსნურ სამყაროში… წარმოსახვის ამ საოცარ უნარს პიანისტის ვირტუოზულობა გძენს და „გაიძულებს“ მისტიკური მოტივების პერსონაჟად იქცე…

შემდეგ კი მხოლოდ ნეტარებაა და შენ სიამოვნების ცრემლებად იღვრები…

ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ლექსო თორაძე და გემოვნებით შესრულებული „რაველია“.

ლექსო თორაძე ამერიკაში 1983 წლიდან ცხოვრობს. საბჭოთა პერიოდში მისი ოჯახიდან გადახვეწა დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული. თბილისში დარჩენილი ოჯახი კაგებეს ყურადღების ქვეშ მოექცა.

მისი წასვლა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს დიდ ტკივილად ექცა. ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

კაგებეში დაბარების შემდეგ მამა გარდაეცვალა. ამერიკაში წასულისთვის კი სამშობლოში დაბრუნება აუხდენელი ოცნება იყო. მაშინ ბევრმა გაკიცხა კიდეც ამ ნაბიჯისთვის.

თუმცა, როცა თორაძის შესრულებას უსმენ, მიხვდები, რომ ეს შემსრულებელი კომუნისტური რეჟიმს ვერ დაემონებოდა. სწორედ მაშინ ხვდები, რომ ამან აიძულა, გაერისკა და ამერიკას შეხიზნოდა.

დღეს ლექსო თორაძე მსოფლიოში აღიარებული პიანისტია. აშშ-ში თავისი სტუდიაც აქვს და იქ ბევრი ქართველიც სწავლობს.

ალბათ, დიდი ადამიანების ხიბლი უბრალოებაშია. როგორი სასიამოვნოა, როცა ამ უბრალოებას სწორედ იქ აწყდები, სადაც ყველაზე ღირებული იქმნება.

ლექსო თორაძე: ბგერების ერთმანეთთან დამოკიდებულებას ვუსმენ და ვცდილობ, ეს დამოკიდებულება წავიყვანო და ვატარო აქეთ-იქით…

სიმღერა და ხმა ბუნებრივი ჯადოა. როიალსა და ინსტრუმენტზე რთულია ამის თქმა. მაგრამ უნდა ეცადო ატარო მუსიკა აქეთ-იქით…

­ რეპეტიციაზეც ზუსტად ისე იხარჯებით, როგორც კონცერტზე?

­ ორგანიზმს ვერ მოატყუებ, ძალიან ვცდილობ, მაგრამ მაინც ვერ მოატყუებ. კონცერტზე ასობით მსმენელია და ეს უფრო ძაბავს ჰაერს, უფრო ფაქიზს ხდის.

ბევრი ადამიანის დრო გაქვს ხელში და ასმენინებ ამ შენს სეირნობას მუსიკასთან ერთად, ეს ძალიან ფაქიზი მომენტია.

იძულებულები არიან, თავიანთი ცხოვრების დრო დახარჯონ და გისმინონ. დაძაბული სიტუაციაა, ამიტომ ორგანიზმს ვერ დააჯერებ, რომ რეპეტიცია არის კონცერტი, მაგრამ დამოკიდებულება უნდა იყოს ზუსტად ასეთი, რომ რეპეტიცია არ არსებობს ასეთი რაღაც, განსაკუთრებით, როდესაც ორკესტრთან მუშაობ და ამდენი ხალხი გისმენს, მათ უნდა დაიჯერონ, რომ ხდება გარკვეული აქტი და არა ავტოპილოტით რაღაც ტემპების შერჩევა და ფორმალური დამოკიდებულება.

მთავარია, კონტაქტი დაამყარო. ამის ერთ­-ერთი მთავარი ელემენტი დირიჟორია, დირიჟორმა უნდა გადასცეს ეს კავშირი, მაგრამ თვითონ ორკესტრს ხომ ესმის სოლისტი რას აკეთებს.

­აქ დარჩენილებისთვის ტრაგედია იყო თქვენი ამერიკაში წასვლა, თქვენთვის?

­ ჩემთვისაც ტრაგედია იყო, თან ძალიან დიდი, მაშინ ფაქტი იყო და გეგონა, რომ მთელი ცხოვრება ვეღარ ჩამოხვიდოდი…  ვინ ფიქრობდა 10 წელიწადზე.

განიცდიდი ოჯახზე და გამუდმებით ფიქრობდი ოჯახს რა მოუვა?! ოჯახს რა მოუვიდა და ჩემი წასვლის შემდეგ, ძალიან მალე, მამა გარდაგვეცვალა… ეს ტვირთი მე ყოველთვის მექნება. ერთი კვირით ადრე, ვიდრე გარდაიცვლებოდა, ძალიან დიდი ხანი ველაპარაკე მამაჩემს, თითქმის საათ­ნახევარი, ეს 1983 წლის 31 ოქტომბერს იყო.

ჩვენი ლაპარაკი მთლიანად ჩავიწერე. ვიცოდი, რომ ჩვენს ტელეფონს უსმენდა და ლაპარაკს მედგრად იწერდა აქაური კაგებე.

მეც ჩემი ვერსია მინდოდა მქონოდა და მაქვს ახლაც. ამ ჩანაწერში იმას არ მეუბნება, ყოჩაღო, მაგრამ შიგნით ვგრძნობ, რომ ამბობს ­ მოსახდენი მოხდა, შენ ახლა შენს საქმეს უნდა მიხედო… გაახარე ის ადამიანები, რომლებიც ძალიან განიცდიან და ძალიან უყვარხარო…

1983 წელს, მამამ საფორტეპიანო კონცერტი მოგიძღვნათ, რომლის საქართველოში შესრულებაც გინდოდათ …

1983 წელს, 12 აპრილს, ლუბლიანაში დავუკარით, მაშინ იუგოსლავია იყო, ახლა სლოვენიაა. მამა იყო ამ შესრულებაზე. ამ ბოლო ლაპარაკში ჩვენ ამაზეც გვაქვს ბჭობა, პარტიტურა თანმქონდა წაღებული, მამას ვუთხარი, აქ მოთხოვნები არის, რომ შევასრულო­-მეთქი.

კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, შენ მაგის დრო და თავი არ გაქვსო. პოლიტიკური მიზნებით გთხოვენო… მართალიც იყო, ახალი ჩამოსული პიანისტი, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მამამისის კონცერტს დაუკრავს…

ეს არც შენ გჭირდება და არც მე, მოვა დრო და დაუკრავ. ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერეო… მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ამ მერეს 12 წელი დასჭირდა… ამის შემდეგ რამდენჯერმე მაქვს დაკრული. მაგრამ ბევრჯერ არა, რთული შესასრულებელია.

მამა არაფერში ჩქარობდა. ერჩივნა 10 წელი ეცადა, მაგრამ კარგ სიტუაციაში შესრულებულიყო, ანუ ისეთ დირიჟორთან, რომლის რწმენაც ჰქონდა, რომ ის მოუვლიდა მის მუსიკას, ორკესტრს და ასე შემდეგ.

(სტატია მომზადებულია „პრაიმტაიმის“ არქივიდან/ 2013 წელი)