"სიმართლის კომპასივით იყო. ყველაზე მეტად მაინც მისი რჩევები მაკლია... ყოველ ღამე ვხედავ" - გუჯა ბურდული 81 წლის გახდებოდა

burdulebi

დღეს გუჯა ბურდული 81 წლის გახდებოდა. მსახიობი 5 მარტს კლინიკაში, პოსტკოვიდური გართულების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

იუბილარი არტისტის საფლავიდან დაბრუნებულმა ლადო ბურდულმა, "პრაიმტაიმთან" მამა გაიხსენა.

ლადო ბურდული: - მტკივნეულია დანაკლისი. მაგრამ ცხოვრება ასეთი ყოფილა. ძველები მიდიან, ახლები მოდიან.

ყველაზე მეტად მაინც მისი რჩევები მაკლია. სულ რაღაცას მეუბნებოდა.  სიმართლის კომპასივით იყო. მეც მაქვს ჩემი საზომი, მაგრამ გუჯას დარიგებები უფრო ბრძნული იყო. 

ყოველ ღამე ვხედავ და ვლაპარაკობთ. მაგრამ რატომღაც რჩევები ჯერ არ მოუცია (იცინის)... ბევრ რამეს მაფრთხილებს.

დღეს 81 წლის გახდა. მე არც განვიხილავ, რომ გარდაიცვალა. სული ხომ უკვდავია.

ლადო 1992 წელს დაწერილ ელეტრონულ ალბომს მიუბრუნდა და მასში შესულ სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებას გეგმავს.

ლადო ბურდული: ახლაც ზუსტად იგივე საუნდით და ინსტრუმენტების გამოყენებით ვწერ, როგორც 90-იან წლებში ვწერდი. ალბომის სახელწოდებაა "ჭეშმარიტი სიყვარული",  სიმღერის კი, რომელზეც ახლა ვიდეოს ვიღებ - "მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან" ჰქვია. ეს მუდმივი თემებია. მე არც კონკრეტულ დროზე მორგებულ თემებზე ვმღერი და არც სხვა ენაზე. სამამულო წარმოების ვარ...

სიმღერაში ელექტრონული მუსიკის აკომპანირებაა. კლიპის რეჟისორია სანდრო კაპანაძე, "კირპიჩა."

კლიპში ვიღებ შოკა პატარაიას, მეამბოხე ადამიანს, ჩემს ძველ მეგობარს, საქართველოში ქალების თავისუფლება ლომის წილი ვისი დამსახურებაც არის. 30 წლის წინ ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ ერთობლივად ვიდეოს გადავიღებდით და ახლა ვასრულებთ ამ სიტყვას. ჩემთან ყველაფერი ლეგენდარული და მითიურია. ასაკიც ასეთი მაქვს (58 წლის ვარ)...