არც მტერს დაუჩოქა და არც ქვეყანას უღალატა… – გმირი მღვდელ-მონაზონი ანდრია (ყურაშვილი)

mama andria yurashvili

ზუსტად 27 წლის წინ, 1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კამანში სიცოცხლეს გამოასალმეს 27 წლის ბერი ანდრია ყურაშვილი.

მან არც ხალხი დატოვა და არც ეკლესია. არც მტრის წინ დაუჩოქია და არც ქვეყნის ღალატი უფიქრია. მამა ანდრია არ ყოფილა მხოლოდ სასულიერო პირი, რომელიც ტაძარში მხოლოდ წირვა-ლოცვას აღავლენდა, ის ნამდვილი თავდადებული ქართველი, ერისკაცი და ბერი იყო…

მამა ანდრიას აღსასრულმა მისი დებისა და ძმების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ერთ-ერთი ძმა თეთრი მღვდელი გახდა, მეორე – ბერი, ორი და კი, მონაზონი.

ამ საოცარ ოჯახში ერთმანეთის მოწოდება და სურვილები უმთავრესია. მართალია, პირველი შვილის ბერად შედგომას მამა რთულად შეხვდა და განიცდიდა, მაგრამ მაინც შეეგუა. დედა ყოველთვის შვილების გადაწყვეტილებას სცემდა პატივს.

 

ომის ქარცეცხლში დაბადებული ლეგენდა

 

1993 წლის ივლისში, ბერი ანდრიას მამა რადიოს უსმენდა. მაუწყებლობა რუსეთ-საქართველოს საზარელი ომის შედეგებს ამცნობდა მსმენელს, სწორედ იმ საზარელ საღამოს გაიგო, რომ შვილი დაეხვრიტათ.

დედა თავზარდამცემი ამბის გაგებისთანავე, გაითიშა და სამი დღე-ღამე კომაში იყო, იქამდე – სანამ ბერი ანდრია, მიწას არ მიაბარეს…

აფხაზეთში, სოფელ კომანში სასულიერო პირზე ომის ქარცეცხლში ლეგენდა დაიბადა. თავისი მაგალითით შეშინებულ და დაბნეულ ხალხს ბრძოლის ჟინი გაუღვივა და საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა, ბერის სისხლიანი კაბა და უსულო სხეული ქართულ მიწაზე დაეცა, მუხთლად, უკნიდან დამიზნებული მტრის ბანაკიდან ნასროლი ტყვიით.

მამა ანდრიამ მანამდე მოასწრო და კომანელები აზიარა, საქართველოს ერთიანობისთვის ალოცა და ღიმილით აღესრულა.

დახვრეტამდე, ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ბერმა გადამწვარი კომანის უსახლკარო მოსახლეობა თავის შესამოსელით შემოსა და თავისივე ხელით გამომცხვარი პურით დააპურა.

მიზანში ამოღებულ მამა ანდრიას რუსულად ჰკითხეს მომხდურებმა, ეს საქართველოს მიწაა თუ აფხაზეთისო?! აუღელვებლად უპასუხა, ეს ღმერთის მიწააო. ამ უკანასკნელი წინადადებით გადაინაცვლა ზეციურ სასუფეველში…

შვილმკვდარი მშობლებისთვის ნუგეშის მომცემი აღმოჩნდა ბერის ამგვარი სიკვდილი. მოხუცი დედა ახლაც ბედნიერია, რომ მისი შვილი იმპერიალისტური რუსეთის ხოტბის შემსხმელი არ ყოფილა და თავი საქართველოს ღირსეულად შესწირა…

 

გზა ტაძრამდე

 

ბერი ანდრიას მაგალითმა მისი დედმამიშვილები ტაძრამდე მიიყვანა და ისინი ახლაც მსახურობენ. ამ დიდ ოჯახში სამ საუნჯეს აღიარებენ და ეთაყვანებიან… მათთვის უპირველესი ღმერთი და სამშობლოა.

მათგან რუსეთის დიდებას ვერავინ გაიგებს, ერთმორწმუნე მტრის მხილებას არ ერიდებიან და საქართველოს ერთგულებით ცხოვრობენ…

სანამ ბერი თავისი თავდადების გამო ტყვიის საფასურს სიცოცხლით გადაიხდიდა, ომის დღეებში, სახლში ჩამოვიდა, დედა მოინახულა და უკან დაბრუნდა.

ეს უკანასკნელი გამომშვიდობება იყო.. ოჯახი უკანასკნელად ნახა, უკანასკნელი წერილი მისწერა მეუფეს და უკანასკნელად უერთგულა მიწიერ საქართველოს…

ისტორიამ თავისი სახელი სასულიერო პირს უკვე დაარქვა, გმირი ბერი ანდრია. ამის ნათელი მაგალითი ბაღდათის საკათედრო ტაძრის ფრესკაა, სადაც გამოსახულია უშარავანდედო ბერი საქართველოს სხვა სახელოვან შვილებთან ერთად…

ისინი, ვინც სამშობლოს ცხრა შვილი აჩუქეს და მათგან ქართულ სამოციქულო ეკლესიას ხუთი მოღვაწე, ქალბატონი ლამარა ჭელიძე-ყურაშვილია და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე, ელგუჯა ყურაშვილი.

ახალგაზრდა წყვილმა რთული გზა განვლო დიდი ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვით და ამავე დროს, სახელწმიფოსთვის ძალიან სასარგებლო საქმიანობით.

სწორედ მამა ანდრიას მამის, ელგუჯა ყურაშვილის დამსახურებაა ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსება. ახალგაზრდა კაცი, ცხრა შვილის მამა სოფელ სოფელ დადიოდა და აგროვებდა სამუზეუმო ექსპონატებს. ახლა, მამის გზას მისი ქალიშვილი, ცირა ყურაშვილი აგრძელებს.

ოჯახის ერთ-ერთი შვილი, მამა იოანე თეთრი მღვდელი გახდა. ეროვნული მოძრაობის დაწყებამ განაპირობა მისი მოღვაწეობა ეკლესიაში. ის ბოლო იყო, ვინც ძმა, მამა ანდრია სახლიდან ომში, აფხაზეთში გააცილა.

ძმის სიკდვილიდან მალევე ჯერ სტიქარით შეიმოსა, მერე მღვდლის ანაფორით. მამა იოანე ბაღდათის რაიონში, სოფელ დიმში მოღვაწეობს. მას წლების შემდეგ ბერი ანდრიას სამოსელი გადასცა ყოფილმა ტყვემ, რომელმაც ასეთი ისტორია მოუყვა.

კეთილმა ბერმა თავის სამოსელი გადმომცა და ჩამაცვაო. დახვრეტამდე მამა ანდრიას ეკლესიის მახლობლად მდგარი სათნოების სახლიდან შშმ პირები და მოხუცები ეკლესიაში გადმოიყვანა, მათ პური გამოუცხო და დააპურაო. შემდეგ, თითოეულისგან აღსარება მიიღო და თავისივე გამომცხვარი სეფისკვერებით აზიარა.

 

სამშობლოს სიყვარულისთვის კეფაში ნასროლი ტყვია

 

ეკლესიაში, როცა რუსული და აფხაზური საუბარი შემოესმათ, მამა ანდრია ყველაზე მშვიდად იყო და ლოცულობდაო, ის გაიყვანეს და დახვრიტეს, არაფრით არ აღიარა აფხაზეთის მიწა საქართველოს გარეშე… კეფაში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა ბერი.

ცისფერ ხავერდში გაახვიეს გვამი და მესამე დღეს დაკრძალეს. სამი დღე სისხლდენა არ ჩერდებოდა უსულო გვამიდან… მამა ანდრია კომანის მონასტრის ეზოში დაკრძალეს…

ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი ქალიშვილი ცირა ერში დარჩა, დაოჯახდა და ისიც ოჯახს უვლის. პარალელურად, მამის დაარსებულ მუზეუმს ხელმძღვანელობს და მშობლების გზას მიჰყვება… ის ორსულად იყო, როცა ძმა, ბერი ანდრია დახვრიტეს, მაშინ დაუმალეს ეს შემზარავი ფაქტი.

და მამა ანდრიას მოგონებებში ისევ პაატად აცოცხლებს, ისე როგორც ერისკაცობაში იყო. პატარა პაატას თავგადასავლები უადვილებს დას ახსნას ძმის ლტოლვა სასულიერო ცხოვრების მიმართ.

მას ყოველთვის ენატრება დედმამიშვილები, რომლებსაც ხშირად ვერ ხვდება მათი მონასტრული ცხოვრების წესის გამო. თუმცა, რვა შვილი დედასთან თავს იყრის სწორედ იმ დღეს, როცა ბერი ანდრია დახვრიტეს…

ივერიის ღვთისმშობლის ბაღდათის საკათედრო ტაძარს ღირსეულ მამულიშვილთა ფრესკა ამშვენებს, რომელზედაც გამოსახულნი არიან თავდადებული სასულიერო და საერო პირები.

მათ შორის ერთი ბერი შარავანდედის გარეშეა, რადგან წმინდანად შერაცხული არაა, ეს ბერი ანდრიაა… ტაძრის არქიმანდრიტი ელოდება დღეს, როცა მამა ანდრიას შარავანდედს „დაადგამენ“ და ხატზე გამოსახავენ…