„არავინ მომკვდარა და არც სამყაროს დასასრული დამდგარა" - თამთა თოდაძე სასამართლო გადაწყვეტილებაზე

TamTa

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლომ მისი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რასაც თამთა თოდაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. 

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ჩემი მესინჯერი სავსეა წერილებით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს! სამწუხაროდ, ყველას ვერ გპასუხობთ დროულად, რისთვისაც ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, თუმცა, ცხადია აუცილებლად გიპასუხებთ - ეს თქვენ მაძლევთ ბრძოლის ძალას!  

ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თქვენგანისგან, ცოტა დამთრგუნველი წერილი მივიღე, სიტყვებით:

“ვიზიარებ”, “ვერ გირეკავ, "ვინ იცის როგორ ხარ”, “ვაიმე ახლა რა იქნება” და ა.შ…მეგობრებო, არავინ მომკვდარა და არც სამყაროს დასასრული დამდგარა ამ გადაწყვეტილებით. ცხადია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღრმა დეპრესიაში ვარ ან რამე მსგავსი, პირიქით, მინდა იცოდეთ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ!  

მინდა ისიც გითხრათ, რომ ბრძოლას არ ვწყვეტ, აუცილებლად გავასაჩივრებ, თუ დამჭირდა სტრასბურგამდეც კი წავიღებ, მაგრამ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ!

ბრძოლის წაგება, არ ნიშნავს ომის წაგებას, განსაკუთრებით არათანაბარი ბრძოლის ველზე, ჩვენი სასამართლო სისტემის პირობებში!  

ცხადია, ყველამ ძალიან კარგად იცის სიმართლე, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ ყოფნის გამბედაობა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება!  

მოკლედ, მე ყოჩაღად ვარ, ძალიან საბრძოლო განწყობაზე (იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ვიყავი) და დარწმუნებული იყავით, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!" - წერს თამთა თოდაძე. 

შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.