„არასოდეს, წამითაც არ იფიქრონ წყვილებმა, რომ ისინი უშვილოები არიან“ - წაჩხურის მონასტრის კიდევ ერთი სასწაული

ბაჩო

აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

უშვილო წყვილებს აკვნები მიაქვთ ტაძარში. მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია,  მათ სწამთ, რომ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ.

„პრაიმტაიმი“ იმ ადამიანს ესაუბრა, რომელმაც ეს სასწაული თავის თავზე გამოცადა და უკვე ორი გოგონას მშობელია.

ბაჩო ბასარია უშვილო წყვილებს მოუწოდებს, რწმენა არასოდეს დაკარგონ.

„პირველი ჩვენი შეხვედრა იყო წაჩხურის მონასტერში 2010 წელს და 2011 წელს, ორჯერ ავედით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2010 წელს ჩემს მეგობარსაც არ ჰყავდა შვილი ხუთი წელი და მისი მეუღლე დაგვემგზავრა, მათ იმ წელსვე შეეძინათ მონასტერში ასვლის შემდეგ, ჩვენ 3 წლის შემდეგ.

იქამდე იყო ჩარევები, ექიმები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა, ლოცვა. ჩვენ წმინდა სერაფიმ საროველის ხატი დავაბრძანეთ სახლში, რომელმაც სასწაული მოახდინა. გავემგზავრეთ ევროპაში და აქ შეგვეძინა შვილი, რა თქმა უნდა რწმენით, ლოცვით. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, ერთი შვილი 2018 წელს შეგვეძინა და მეორე 2020 წელს.

პირველი რაც მინდა ვთქვა, არასოდეს წამითაც არ იფიქრონ წყვილებმა, რომ ისინი არიან უშვილოები. რადგან 21-ე საუკუნეში გამორიცხულია, როდესაც არსებობს რწმენა და ამხელა მადლი, ქართველი ერი აუცილებლად გამრავლდება.

მეორეჯერ ასვლის შემდეგ სამ წელიწადში შეგვეძინა ქალიშვილი. ღმერთი არასოდეს არ გაწირავს რწმენაში მყოფ ადამიანებს. მე დღეს ბედნიერი ადამიანი იმიტომ ვარ, რომ ჩემმა მეუღლემ და მე ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად დავძლიეთ.  მამაკაცებს მივმართავ, ყველაზე მნიშვნელოვანია თავიანთ მეუღლეებს გვერდში დაუდგნენ, ძლიერი არის ქალი მაშინ, როდესაც გვერდში ჰყავს ძლიერი მეუღლე. ჩვენ ეს გამოგვივიდა. გულით როდესაც ადის ამ ტაძარში ადამიანი, მას უფალი აუცილებლად გადმოხედავს“,- გვიყვება ბაჩო ბასარია. 

ნახეთ ფოტოები ბაჩო ბასარია და მარიამ ხვიტიას ოჯახი.