„არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ იმ გოგოების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვიღაცას რომ ელოდებიან მის ხარჯზე სამყოფად“ - მანუ მურღულია პირადზე და წარმატებულ კარიერაზე

მანუ მურღულია

„დღის პოსტის“ყოფილმა  წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. გარდა წამყვანის ამპლუისა, მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს, სადაც 26 წლის მანუ წარმატების გზაზე, კარიერაზე, ოჯახსა და პირადზე გვიყვება.

- მანუ, თავდაპირველად როდის აღმოჩნდი წამყვანის აპლუაში?

- წამყვანის ამპლუაში პირველად, 2 წლის წინ აღმოვჩნდი, მანამდე, ტელევიზიასთან შეხება ისედაც მქონდა.  ბავშვობაში მამიდას ხშირად დავყვებოდი, სულ სცენაზე ვიდექი.

ჰამბურგში, კონსერვატორიაში ვსწავლობდი, რომ ჩამოვედი გერმანიიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელში, კონკრეტულ პროექტზე მუშაობის დაწყება ძალიან მინდოდა. ეს იყო „წიგნების თარო“. საბოლოოდ, დილის გადაცემა გადაწყდა. იქ კონკრეტული განხრით ვმუშაობდი, ეს იყო „მასტერ შეფი“, „ვოისი“, ასევე ვაკეთებდი სიუჟეტებს და ეკრანზეც ვჩანდი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტიკის ძალიან კარგი ბაზა მომცა, ბევრი რამე ვისწავლე. საოცარ ოპერატორებთან, მემონტაჟეებთან მქონდა შეხება, ეს გამოცდილება დღესაც მადგება. მიყვარს იქ გატარებული ორი წელი. 

- მუსიკალურ წრეებში კარგად გიცნობენ. „ანა ბანას“ მეორე სეზონის გამარჯვებული ხარ. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ამ სფეროს პროფესიონალურად დაეუფლე...

- ეს დედას დამსახურებაა. მე რომ ჩემს მშობლებს მივეშვი, მუსიკას დროს საერთოდ არ დავუთმობდი, ვგულისხმობ პროფესიონალურ მხარეს. ჯერ შვიდწლედში ვსწავლობდი, შემდეგ ათწლედი დამამთავრებინეს, თუმცა, რომ გითხრათ ამ ფაქტით გახარებული ვიყავი, არა. (იცინის). დედაჩემის დიდი სურვილი იყო, მისი ხათრით ვისწავლე და საგუნდო სადირიჟორო დავამთავრე.

ასევე, ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის განხრით. გერმანიაში 1 წელი გავატარე, სადაც კონსერვატორიაში ვსწავლობდი.

დედა და ჩემი და, ნატი ძალიან კარგად ცეკვავენ. ნატი „სუხიშვილებში“ იყო. დედა ყოველთვის ხელს მიწყობდა, ბევრ კონკურსში გამოვყავდი და ასევე, 5 წელი დავყავდი ცეკვაზე. ის არის ჩემი მთავარი ვარსკვლავი. ანსამბლ „იმედში“  ვცეკვავდი. რამდენჯერმე გული დამწყდა, ცეკვას რომ თავი დავანებე, თუმცა სახლში ვმეცადინეობთ ხოლმე.

- გერმანიაში გატარებული ერთი წლის შესახებ გვიამბე, როგორ შეეგუე?

- ერთ წელში სწორედ ამიტომ დავბრუნდი, აბსოლუტურად ვერ შევეწყვე და იქაური ცხოვრების სტილს ფეხი ვერ ავუბი. აქტიური პიროვნება ვარ, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები, მიყვარს ადამიანების გაცნობა, კომუნიკაცია, ახალი საქმეების კეთება, ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს - იქ რომ ჩავედი და საათივით აწყობილი დავინახე ყველას ცხოვრება, ოდნავადაც არ შეუძლიათ გზიდან გადახვევა, მე მარსზე ვიგრძენი თავი. ერთ წელში წამოვედი, ვიცოდი, რომ საქართველოში უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ვიდრე ჰამბურგში.

დიდი გამოცდილება მომცა. თავად მინდოდა წასვლა და მსურდა, მარტო ცხოვრების გემო გამეგო. ჩემი თავი გავტესტე, რამდენად მქონდა ამის ძალა. ერთ წელში ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ალბათ, ახლაც იმავე გადაწყვეტილბას მივიღებდი... 

- „ნიკოს ბენდი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თქვენი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა  „ქართული დისკო“ საქართველოს ფარგლებს გასცდა და ვირუსულად გავრცელდა.  „ტიკტოკში“ გახდა ტრენდი, იღებენ ვიდეოებს, ელოდით თუ არა ამას?

- ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან იმხელა სითბო მივიღეთ, გაოგნებულები ვართ. არავინ ველოდით, რომ საზღვრებს ასე უცბად გავცდებოდით. მთელი უკრაინა, ყაზახეთი, სლავური ქვეყნები იწერებიან, გვაფოლოვებენ, ვერ წარმოიდგენთ, ჩემს სოციალურ ქსელებში რა ხდება. ყველა თავის ქვეყანაში გვეპატიჟება, აბა, როდის ჩამოხვალთ, ან ჩვენ როდის ჩამოვალთ კონცერტებს დავესწოთო. 

გარდა იმისა, რომ სიმღერა მოსწონთ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ბედნიერებას, სიკეთეს და პოზიტივს ვასხივებთ, ამით ძალიან ვამაყობთ.

- გარდა იმისა, რომ სიმღერა ძალიან მოსწონთ, კიდევ რას უკავშირებთ ამხელა გამოხმაურებას?

- გეტყვით ძალიან მარტივ მიზეზს - პირველ რიგში, ჩვენი პროდიუსერი ზვიად ბლიაძეა, რომელმაც თავისი საქმე ასიანზე იცის. შესაბამისად, მქონდა მოლოდინი, რომ პროექტი ძალიან წარმატებული იქნებოდა.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ ნიკო, ამიკო და ნანუკა ერთი მეორეზე ნიჭიერები არიან. ყველას რაღაც თავისი  ნიშა აქვს, რასაკვირველია, საკუთარი თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ ეს ოთხი ადამიანი ერთმანეთს ვავსებთ. ამას დამატებული, გვყავს საოცარი ბენდი, რომლის ხელმძღვანელი პროფესიონალის პროფესიონალი დათო ფორჩხიძეა და საოცრად პროფესიონალი ბიჭები. ყველა მონდომებულია, ყველას უნდა, რომ წარმატებული იყოს. ამან განაპირობა ის, რომ პირველი ტრეკი, რომელიც „გავარდა“, მასშტაბურად კარგი გამოვიდა.

- ბენდის წევრებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- აქ რომ მოვდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. ყველა იღიმება, ყველას საერთო ინტერესი გვაქვს, ვმეგობრობთ. რადგან იუმორისტული გადაცემაა, ყველას თავისი წილი იუმორი აქვს. ერთი ჩახითხითებას რომ დაიწყებს, ყველანი ავყვებით ხოლმე. მოკლედ, ძალიან მხიარულად მიმდინარეობს ჩვენი ერთობლივი მუშაობა. ვიღლებით, თუმცა, პროცესი ძალიან სასიამოვნოა.

- პირველი კონცერტი  „ქვევრში“ გქონდათ. თუ სოცილურ ქსელებს გადავხედავთ, მარტივად მივხვდებით, რომ ანშლაგით ჩაიარა. გაგვიზიარეთ გეგმები... 

- ეს ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო. ჩვენი გადაცემა ახალია, არ დაგიმალავთ, ცოტა ვინერვიულეთ. ყველა ადგილი გაყიდული იყო, ხალხი ჩვენს საყურებლად მოვიდა. ეს იყო საოცრება, სცენაზე 5 წლიდან ვდგავარ, ეს იყო სულ სხვა რამ. იმხელა სითბო და სიყვარული მივიღეთ, ემოციები ახლაც გამოყოლილი მაქვს და გაღიმებული დავდივარ. იქ მყოფებმა ყველა ჩვენი სიმღერა ზეპირად იცოდა. ვგიჟდები, როცა ადამიანები გაცემულ პოზიტივს უკან აბრუნებენ. მივიღეთ კომპლიმენტები, რომ უკვე მომდევნოს ელოდებიან.

„ნიკოს ბენდი“ ახლა სწორედ ამაზე მუშაობს, ჩვენი პროდიუსერები, ზვიად ბლიაძე და ლიკუნა სარალაშვილი არაფერს იშურებენ და მუშაობენ იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები და ხალხს კიდევ უფრო შევაყვაროთ თავი. იმედი მაქვს, უფრო წინ და წინ წავალთ.

- მანუ, როგორი ურთიერთობა გაქვს ყველასთვის ცნობილ ბაბუსთან, ბატონ გია მურღულიასთან? რა გავლენა აქვს მას შენს ცხოვრებაში?

- ამ შეკითხვას რომ მისვამენ, მწყინს, რადგან მე არ ვიზრდები ბაბუსთან, მე ჩემს მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. პირველ რიგში, ვინმეს თუ გავლენა აქვს, ესენი არიან დედაჩემი და მამაჩემი. ბაბუაჩემი ძალიან მიყვარს, ვგიჟდები მასზე, მაგრამ გიაზე ბევრად დიდი წვლილი ჩემს მშობლებს აქვთ. 

აქამდე უფრო ვახერხებდი მის ნახვას, თუმცა, ჩემი განრიგი ბოლო ერთ წელში ძალიან შეიცვალა, ხშირად ვერ ვახერხებ ბაბუსთან და ბებოსთან მისვლას. გია შინაგანადაც პედაგოგია. რა ასაკისა და ეროვნებისაც უნდა იყო, შენს ენაზე, ძალიან მარტივად გაგაგებინებს ყველაფერს. ისე აგიხსნის, დაგანახვებს, რომ არც ბევრი ჩაძიება მოგიწევს. რჩევით რომ მიმართო, ძალიან აკადემიურად მოგაგვარებინებს ყველაფერს, თან არის უმშვიდესი. მე მგონი,  ყველაზე მშვიდი კაცია. მისი ნერვი რომ გაატოკო, ძალიან უნდა მოინდომო. შესაბამისად, სულ ამას მასწავლის, მანუ, მშვიდად, რაციონალურად შეხედე ყველაფერსო. რომ უნდა გავბრაზდე, ყურში სულ ეს სიტყვები ჩამესმის ხოლმე, ეს ძალიან მეხმარება. სხვათა შორის, ადრე ამ რჩევის გათვალისწინება არ მიყვარდა, რადგან ფიცხი ხასიათი მაქვს. უცბად გაცეცხლება ვიცოდი და შეიძლება, კარგ შედეგებამდე არ მივსულიყავი. რაც გიასგან რჩევები მივიღე და ვითვალისწინებ, მას შემდეგ კარგად აეწყო ყველაფერი. 

- წარმატებული კარიერის პარალელურად, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო? როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ შენი მოხიბვლა შეძლოს?

- პირველი პუნქტი: ძალიან პოზიტიური უნდა იყოს, ისეთი, როგორიც მე ვარ. არ შემიძლია, სახემომტირალ ადამიანთან ერთად ყოფნა. არ შემიძლია მოწუწუნე ადამიანებთან ყოფნა, რომელიც არ მუშაობს საკუთარ თავზე, არ მუშაობს თვითგანვითარებაზე, ერთ ადგილს რომ ტკეპნის, ეს ჩემთვის უკვე განაჩენია, რომ მე მასთან ერთად ვერასდროს ვიქნები. შესაბამისად, პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ რამდენად მონდომებულია, რომ თვითონ იყოს წარმატებული.

მე იმ გოგოების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვიღაცას რომ ელოდებიან მის ხარჯზე სამყოფად. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მე საკუთარ სიმყარეზე ვზრუნავ და მინდა, რომ გვერდით მყოფიც თავის სფეროში წარმატებული იყოს. გარეგნობას კრიტერიუმებით არ ვაფასებ, ყურადღებას ვაქცევ იუმორის გრძნობას. თუ სრიალებს და მღერის, ხომ საერთოდ კარგი ამბავია. იცით კიდევ რა მომწონს? ემოციურ ინტელექტში რომ ვემთხვევით და აცდენილები არ ვართ. რაღაცაზე რომ დაველაპარაკები და პირს თუ დააღებს, ეს არ მომეწონება. ყველაფერზე უნდა შემეძლოს მასთან საუბარი, ასეთი ბიჭები მომწონს, მაგრამ ძალიან იშვიათობაა, სამწუხაროდ.

- თაყვანისმცემლები თუ განებივრებენ, ხშირად იღებ საჩუქრებს?

- ზოგადად, უცხო ადამიანებისგან არაფრის მიღება არ მიყვარს. შესაბამისად, არც მოლოდინები მაქვს და სულ ვცდილობ გაითვალისწინონ, მე არ ვგიჟდები საჩუქრებზე. 

მე საჩუქრები მიყვარს ადამიანებისგან, რომლებიც მაინტერესებს. ვინც არ მაინტერესებს, იმისგან ყვავილებს მივიღებ თუ დათუნიას, ჩემთვის ძალიან უინტერესოა. მყავს თაყვანისმცემლები, სითბოს გამოხატავენ, აქედანაც დიდ მადლობას ვეტყვი, მაგრამ დიდად ნუ შეიწუხებენ თავს. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა ქცევაში გამოავლინოს საკუთარი თავი, საჩუქრები, სუნამოები მე ისედაც შემიძლია ჩემ თავს ვუყიდო.

- ნიკოსთან და ამიკოსთან ხომ არ ცდილობენ საქმეების ჩაწყობას?

- ნიკოსთან და ამიკოსთან არ ვიცი, მაგრამ ჩემს მეგობრებთან და დაქალებთან რომ ცდილობენ, ეგ ვიცი. (იცინის).

- გამორჩეული გარეგნობა გაქვს, გოგონებისგან ხშირად იღებ კომპლიმენტებს?

- ეგ ყველაზე მაგარი რაღაცაა, როცა ჩემი მეგობრები, გრიმიორები მეუბნებიან, მანუ, რა ლამაზად ხარო, ისე ვიმუხტები. ბიჭმა რომ მითხრას, შეიძლება ისე არ დავიმუხტო, გოგოსგან რომ იგებ, გგონია, რომ ნამდვილად გულიდანაა წამოსული. ძალიან ვაფასებ ასეთ რაღაცებს. სხვათა შორის, მეც ეგეთი ვარ, სულ უცხო რომ მომეწონოს, კომლიმენტებს არ ვიშურებ. 

- ნეგატიურ კომენტარებზე როგორ რეაგირებ, გწყინს ხოლმე?

- ცუდი კომენტარები დღემდე არ მიყვარს და მწყინს. იშვიათ აბსურდს რომ მიწერენ, ვფიქრობ, რატომ... ერთი ნეგატიური კომენტარის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება ხასიათიც კი შემეცვალოს. ირმა სოხაძეს ვეუბნები ხოლმე, რამე კრიტიკულს თუ დაგვიწერენ, გთხოვ, არ მითხრა მეთქი. ეს მე მეწყინება და შეიძლება ერთი საათი დაღვრემილი ვიყო, ჩემებიც გაფრთხილებული მყავს. მიწერენ ხოლმე, რა ცუდი ხმა აქვს, თმა რატომ ჰქონდა მარჯვნიდან მარცხნივ გადავაცხნილი, არ უხდებაო (იცინის), ყველას ვეუბნები რომ არ მითხრან.

- ქალბატონ ირმაზე გვიამბე, როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?

- ირმა ჩემი დიდი ვერსიაა. ქალი სულ იღიმის, ცუდ ხასიათზე არასდროს მინახავს. მანუ, გაიღიმეო, სულ მეუბნება. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ისე მაცინებს ხოლმე... ერთხელ ეთერში სიცილ-ხარხარით შევედი. ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ყველა ძალიან დადებითია. „დღის პოსტს“ ძალიან პატარა გუნდი ქმნის: ლიკუნა, ბაკო, ხათუნა და ირმა, სულ ხუთნი ვართ. იმდენად კარგები არან, რომ აქაც შინაურული გარემო გვაქვს.

- გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორ ახერხებ დასვენებას?

- ჩემთვის ყველაზე მაგარი განტვირთვის საშუალება ბაკურიანია. ზამთარ-ზაფხულ იქ ვარ. ყველაზე კარგად იქ ვისვენებ, შეიძლება უბრალოდ ჩამოვჯდე და ნახევარი საათი ნაძვებს ვუყურო. რაღაცნაირად მგონია, რომ ჩემი სულის ნაწილი იქ მაქვს დატოვებული და ძალიან მშვიდად ვგრძნობ ხოლმე თავს. ჯანსაღ ცხოვრებას იქ უკეთ ვეწევი, დავრბივარ, თუ ზამთარია ვსრიალებ. 

მქონია შემთხვევები, როცა მთელი დღის ნამუშევარი და დაქანცული, ღამე სახლში დაბრუნების ნაცვლად, 15 კილომეტრი მივლია ქუჩაში. არაჯანსაღ საკვებს ვერიდები, დროები მაქვს განაწილებული. წყალს ძალიან დიდი რაოდენობით ვსვამ. 

 

@tatka_1303 🇧🇾Полоцк танцует вместе с @agro_blog #belarus🇧🇾 танцы #беларусь🇧🇾 #агроблог #челленджповтори🙃 ♬ оригинальный звук - 🦋⃟≛⃝Tatyana🦋⃟≛⃝