ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ დარჩა დაავადებათა კონტროლის ცენტრში კონსულტანტის პოზიციაზე 

amiran gamyrelidze

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სისტემაში კონსულტანტის პოზიციაზე რჩება, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მას რამდენიმე პროექტზე მუშაობა აქვს დასასრულებელი.

„მე, ჯერჯერობით, დავრჩი კონსულტანტად დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მოგეხსენებათ, რომ 10-წლიანი მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრი საერთშორისო პროექტი და გრანტი ხორციელდებოდა ჩემი კოორდინირებით და რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ვიდრე ისინი არ დასრულდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ქვეყანაში კორონავირუსის მიმდინარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვირუსი ჯერ არ გამქრალა.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში მდგომარეობა უმჯობესდება იმ თვალსაზრისით, რომ შემცირებულია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ცივი სეზონი იწყება, ამ დროს აქტიურდება სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი, ამიტომ მთავარი სლოგანი არის მზადყოფნის რეჟიმი. პანდემია დასრულებულად ჯერ არავის გამოუცხადებია.

ვირუსი არ გამქრალა, ის სუსტდება. ის კარგ ხანს და საერთოდაც არ გაქრება. ვირუსი დასუსტდება და შეიძლება, იქცეს იმ კორონავირუსად, რომელიც მუდმივად ცირკულირებდა, მაგრამ ეს იქნება უფრო მომავალ წელს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა.