შეცვლის თუ არა ნიკა მელიას გრიგოლ ვაშაძე - რას ამბობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომავალ ლიდერზე და არსებულ დაპირისპირებაზე 

მელია-ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის არსებული დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. პარტიის წევრები ერთმანეთის კრიტიკას უკვე საჯაროდაც აღარ ერიდებიან. განვითარებული პროცესების ფონზე, „პრაიმტაიმთან“ ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია პოსტს დიდ ხანს ვეღარ შეინარჩუნებს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნაწილი ნიკა მელიას შემცვლელად პარტიის ყოფილ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს განიხილავს.

პრაიმტაიმმა“აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციურ პარტიაში გადაამოწმა. როგორც რომან გოცირიძემ გვითხრა, ნიკა მელიას თანამდებობიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

„გრიგოლ ვაშაძეს ისე უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, როგორც მე მინდა ტონგის რაგბის ნაკრების წევრობა. ეს არის აბსურდული ჭორი, რომელსაც ქმნის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ჭორბიურო, რათა დაბნეულობა შეიტანოს პარტიის მომხრეები.

ნიკა მელიას წასვლის საკითხი დღის წესრიგში აბსოლუტურად არასდროს არ დამდგარა.

რაც შეეხება ვითომ განხეთქილებას, ამის შესახებ საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" გარეთ მყოფი პირები, რომლებიც დღე და ღამე არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვაში და აკეთებენ "ქართული ოცნების" საქმეს“,- განაცხადა გოცირიძემ. 

ცნობისთვის, ტელეწამყვანმა, „ძალა ერთობაშიას“  მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობაში“ ნიკა მელიას შემცვლელად გრიგოლ ვაშაძე განიხილება.