„ახასიათებს სწრაფად გავრცელება და მეტად გადამდებია...“ - რა სიმპტომებით ვლინდება და როგორ ვმართოთ „ომიკრონის“ ახალი შტამი

ომიკრინი

უკვე რამდენიმე თვეა, მსოფლიოში გამოჩნდა „ომიკრონის“ ახალი შტამი, რომელსაც სწრაფად გავრცელება და მეტად გადადება ახასიათებს.

„ომიკრონის“ შტამი NB.1.8.1 („Nimbus-ის“ სახელით ცნობილი) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება, თუმცა, საქართველომდე არ მოუღწევია. 

როგორია ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა და რა სიმპტომებით ვლინდება - „პრაიმტაიმს“ ამის შესახებ ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა.

ალექსანდრე გოგინავა: ეს არის „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამი, რომელიც გამოირჩევა, წინა შტამებთან შედარებით, უფრო ადვილად გავრცელებით, უფრო მეტად გადამდებობით. რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, მას არ ახასიათებს უფრო მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს.

როგორც ომიკრონის სხვა ქვეშტამები, ასევე ეს შტამიც საყურადღებოა ასაკოვან ადამიანებში, ორსულებში და ვისაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

რაც შეეხება კლინიკურ სურათსა და სიმპტომებს, მსგავსია, უბრალოდ, ერთი რაც გამოიკვეთა, შედარებით მეტად არის გამოხატული ყელის ტკივილი, ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, 30-40%-ში, ახასიათებს ფაღარათი, მუცლის ტკივილი, შებერილობა და ა.შ.

დანარჩენი სიმპტომებია: ტემპერატურა, ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ანუ ის ზოგადი სიმპტომატიკა, რაც ახასიათებდა „კოვიდ 19-ს“ და „ომიკრონის“ თითქმის ყველა შტამს. 

გამორჩეული სიმპტომი ეს არის ყელის ტკივილი, რაც შედარებით მეტად არის დამახასიათებელი, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილები, დიარეა, მუცლის ტკივილი და ა.შ.

რაც მთავარია, გავიმეორებ, რომ მოსახლეობა დავამშვიდო და სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ, მძიმე მიმდინარეობა, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ისეთივე პროცენტულობით ახასიათებს ამ ქვეშტამს, ე.წ „ნიმბუსს“, როგორც ახასიათებდა „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამს.

ერთადერთი, რის გამოც საყურადღებოდ ჩაითვლება ეს შტამი და მთელ მსოფლიოშია ამაზე საუბარი, მას ახასიათებს ადვილად გადამდებლობა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ის ყურადღების ცენტრში მოექცა. 

რა ხდება საქართველოში 

საქართველოში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს შტამი ჩვენთან ცირკულირებს. კლინიცისტის მოსაზრებით, ამწუთას, ეს შტამი, თუ სხვა, რეალურად, არაფერს ცვლის. კლინიკური მიმდინარეობა, დაავადების სიმძიმე, თითქმის ყველა „ომიკრონის“ შტამს ერთნაირი აქვს. 

ამ ეტაპზე, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესოა, შემიძლია ვთქვა, რომ „კოვიდის“ გავრცელება მაღალი არ გვაქვს. ცირკულირებს „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან დიდად არაფრით გამოირჩევიან.