ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა! - დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს

აღმოჩენა

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ოროზმანის საერთაშორისო გათხრების ფარგლებში, აღმოჩენილია 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა.

აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური.

საექსპედიციო ჯგუფმა, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე, 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა. აღნიშნული აღმოჩენა, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.

გათხრები მიმდინარეობს 1.84-1.77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში — ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. გათხრები 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ექსპედიციაში პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან“, - წერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.