დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
ადამიანის ხუთი გრძნობის შესახებ, ალბათ ყველას გაუგია: შეხება, სუნი, გემო, მხედველობა და სმენა. ისინი ძველბერძენმა ფილოსოფოსმა, არისტოტელემ, აღწერა და მას შემდეგ გარემოს აღქმის მთავარ მექანიზმებად მოიაზრება. დამატებით გრძნობებს "მეექვსედ" მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ, სხვადასხვა კრიტერიუმით, 33-მდე გრძნობა არსებობს და ეს რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
მაგალითად, ახლახან მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სრულიად ახალი, "ნეირობიოტური გრძნობა" აღმოაჩინეს. მათი თქმით, ის კუჭსა და ტვინს ერთმანეთთან აკავშირებს. მას განმარტავენ, როგორც "გრძნობას, რომლითაც მასპინძელი ორგანიზმი საკუთარ ქცევას კუჭ-ნაწლავის მიკრობების ნიმუშების (პატერნების) მიხედვით განსაზღვრავს".
ამისთვის სხეული ფლაგელინის სახელით ცნობილ ცილას იყენებს, რომელიც კუჭში არსებული ზოგიერთი მიკრობის კუდის მსგავს სტრუქტურებში გვხვდება. ისინი მაშინ ცალკევდება, როცა ვჭამთ. მათ შემდეგ ნეიროპოდული უჯრედები აფიქსირებს, რომლებიც ამ დროს აქტიურდება და ტვინს სიგნალს უგზავნის. ამგვარად მას ატყობინებს, რომ ორგანიზმმა უკვე საკმარისი საკვები მიიღო და მეტი აღარ არის საჭირო.
ეს პროცესი მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად გამოავლინეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად რეაგირებს სხეული მიკრობულ მახასიათებლებზე რეალურ დროში არა მხოლოდ იმუნურად, არამედ ნევროლოგიურ დონეზე. ამისთვის მღრღნელები ცდის წინა ღამეს აშიმშილეს, შემდეგ კი მსხვილ ნაწლავში ფლაგელინის დოზა შეუყვანეს. შედეგად ამ თაგვებმა უფრო ნაკლები საკვები მიიღეს, ვიდრე იმ ცხოველებმა, რომელთაც ინიექცია არ გაუკეთდათ.
იგივე ექსპერიმენტი ჩატარდა TLR5 რეცეპტორის არმქონე მღრღნელებშიც. სწორედ ისინი ეხმარება ნეიროპოდებს ფლაგელინის დაფიქსირებაში. აღმოჩნდა, რომ მათში იგივე ეფექტი არ გამოვლინდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მიგნება დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ ზემოქმედებენ ჩვენს ქცევებზე მიკრობები. Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებს ახლა იმის გარკვევა სურთ, აქვს თუ არა ამ ბიოლოგიურ მექანიზმზე გავლენა კვების რაციონს.
კიდევ რამდენიმე "მეექვსე გრძნობა"
"ნეირობიოტური გრძნობა" მთავარი ხუთი გრძნობისგან განსხვავდება, რადგან მის არსებობას მკაფიოდ ვერ ვაცნობიერებთ. ამის მიუხედავად, არსებობს ისეთი გრძნობები, რომელთაც აშკარად აღვიქვამთ. ხშირად ასეთად ასახელებენ ინტუიციას, რომელსაც ზებუნებრივ ფენომენებთან აკავშირებენ ხოლმე, თუმცა მისი ახსნა მარტივია. საქმე ისაა, რომ ინტუიცია, მეცნიერთა განმარტებით, "არაცნობიერი ინფორმაციის დასწავლადი და პოზიტიური გამოყენებაა, რათა უკეთესი გადაწყვეტილებები და ქმედებები მივიღოთ". შესაბამისად, მას ცალკეულ გრძნობად ვერ მივიჩნევთ.
სამაგიეროდ, სხვა საინტერესო ფენომენების შესახებაა ცნობილია, როგორიც კინესთეზია და პროპრიოცეფციაა. ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მაგალითად, როცა თვალდახუჭული თავზე ხელს ვიდებთ, სივრცეში თავის და მასთან მიმართებით ხელის მდებარეობას განვსაზღვრავთ. ასევე, ვიცით, რომელ მხარეს და როგორ უნდა გადავაადგილოთ ხელი, თუმცა ვერაფერს ვხედავთ. პირველ ნაწილში პროპრიოცეფცია გვეხმარება, მეორეში კი — კინესთეზია.
კიდევ ერთი მოულოდნელი გრძნობა, რომლის სწავლაც ადამიანს შეუძლია, ექოლოკაციაა. ის ღამურებშია გავრცელებული, მაგრამ 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ უსინათლო და მხედველობის მქონე ადამიანებმა მისი გამოყენება ისწავლეს, რამაც მათი ტვინის ფუნქციონირება და რუხი ნივთიერებიც მოცულობაც შეცვალა.
კიდევ ერთი შესაძლო გრძნობა, რომელსაც განიხილავენ, მაგნიტორეცეფციაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ტვინი მაგნიტურ ველებზე რეაგირებს, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება. ამის მიუხედავად, ეს საკითხი სამსჯელოდ საინტერესოა. წყარო