დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ შთამბეჭდავი ფაქტი გამოავლინა: ორ ათწლეულზე ნაკლებ დროში დედამიწის ბრუნვის ღერძი 80 სანტიმეტრით გადაიხარა - და ეს დიდწილად ადამიანის აქტივობით, კერძოდ, მიწისქვეშა წყლების მასშტაბური ამოტუმბვით არის განპირობებული, წერს Daily Galaxy.
ექსპერტების თქმით, დახრილობის ცვლილებას შესაძლოა გაცილებით სერიოზული შედეგები მოჰყვეს, ვიდრე აქამდე ეგონათ, მათ შორისაა ზღვის დონის აწევისა და კლიმატის არასტაბილურობის გაზრდის ხელშეწყობა.
კვლევა, რომელსაც სეულის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი კი-ვეონ სეო ხელმძღვანელობს, 1993 წლიდან 2010 წლამდე პერიოდს მოიცავს და აჩვენებს, რომ ადამიანის საქმიანობა, განსაკუთრებით ირიგაცია და წყლის მოხმარება, გავლენას ახდენს პლანეტაზე მასის განაწილებაზე.
კი-ვეონ სოჰის თქმით, დედამიწის ბრუნვის პოლუსების პოზიცია მუდმივად იცვლება. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა კლიმატურ ფაქტორს შორის, სწორედ მიწისქვეშა წყლების გადანაწილებას აქვს ყველაზე დიდი გავლენა.
მან ახსნა, რომ მოქმედების მექანიზმი მსგავსია ზედაპირისთვის მცირე წონის დამატების ეფექტისა - შედეგად, მისი ღერძი იცვლება. ანალოგიურად, წყლის მოძრაობა ცვლის დედამიწის ღერძის დახრილობასაც.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო დასკვნა მიწისქვეშა წყლების ამოტუმბვასა და ზღვის დონის აწევას შორის კავშირია. აღნიშნულია, რომ მიწიდან ამოტუმბული წყალი საბოლოოდ ოკეანეებში ხვდება, რაც მათ მოცულობას ზრდის. გამოთვლების თანახმად, მითითებულ წლებში 2,150 გიგატონა წყალი გადაადგილდა, რამაც ღერძის 80 სანტიმეტრით გადაწევა გამოიწვია.
მკვლევრები თვლიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ამოტუმბვა გაგრძელდება, სანაპირო ზოლის წყალდიდობა შეიძლება გაცილებით გაუარესდეს.
ერთი შეხედვით, წყლის ამოტუმბვა ლოკალურ პრობლემად ჩანს, თუმცა ამ კვლევის შედეგები საპირისპიროს ადასტურებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ღერძის გადაადგილებაში ყველაზე დიდი წვლილი ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილსა და ინდოეთ-ჩრდილო-დასავლეთს მიუძღვის.