აგვისტოს ომის 16 წლისთავზე, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, საქართველოს პარლამენტის წევრები, თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ გმირების მიერ დაღვრილი სისხლი, მშვიდობიანი საქართველოს მომავლის საფუძველია. დეპუტატმა აგვისტოს ომის თარიღსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეც ისაუბრა.

„მათი დაღვრილი სისხლი არის სისხლი, რომლითაც საქართველო თავის მომავალსაც იკვალავს. ეს მომავალი იქნება მშვიდობიანი, განვითარებაზე ორიენტირებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომტანი. უსაზღვრო მადლიერებით და დაუვიწყარი ხსოვნით ვართ ყველანი აღსავსენი.სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არ მთავრდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქართველოს შესახებ მანიპულაცია და ყველაფერში აისახება, ეს. თუნდაც ამ თარიღების გადატანა- გადმოტანაში. რატომ აკეთებენ ამას. თუ აქამდე იყო 8 აგვისტო, რატომ მოინდომეს 7 აგვისტო? ალბათ ბევრი რამეა გამოსაძიებელი კიდევ, თუ რა ხდებოდა აგვისტოს ომის წინ, რამაც ჩვენ მიგვიყვანა ამ ტრაგედიამდე, ვერ აგვაცილა რუსული აგრესია, დაგვაკარგინა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსეთმა სეპარატისტული რეგიონები, კანონგარეშე, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა და პერსპექტივა საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისა, წყალში გადაიყარა. ეს არის განგრძობითი, პოლიტიკური დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ნაციონალური მოძრაობა დღესაც აგრძელებს"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი ანწუხელიძის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი დღეს, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა აბბა დავითმა და ეპარქიის სასულიერო პირებმა აღავლინეს.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41- ე ბატალიონის კაპრალი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე , 2008 წლის ომის დროს,. ტყვედ ჩაიგდეს და სასტიკი წამებით მოკლეს.