1745397302
აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც ადამიანს არასოდეს უნახავს

შეუიარაღებელი თვალით ადამიანს ფერების მხოლოდ გარკვეული დიაპაზონის აღქმა შეუძლია. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა 5 ადამიანს მხედველობის ორგანოების ფოტორეცეპტორების სტიმულირების გზით ახალი ფერის დანახვის შესაძლებლობა მისცეს. მას აღწერენ, როგორც "ძლიერ სატურირებულ მომწვანო-მოლურჯოს", რომელსაც "ოლო" უწოდეს.
ამ ფერს სწორედ ინტენსიურობა გამოარჩევს, თუმცა მაინც მომწვანო-მოლურჯო ტონალობაშია. ამის გამო, შესაძლოა, სადავო იყოს, რამდენადაა ოლო "ახალი" ფერი. ასეა თუ ისე, კვლევაში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ მან მათ განსხვავებული ვიზუალური გამოცდილება მისცა, როცა ნეიტრალური ნაცრისფრის ფონზე აკვირდებოდნენ.
„სუბიექტებმა აღმოაჩინეს, რომ ოლოს დესატურაცია [ინტენსივობის შემცირება] და თეთრი სინათლის დამატება იყო საჭირო უახლოეს მონოქრომატულ სინათლესთან მისამსგავსებლად, რომელიც ფერთა გამის მიჯნაზეა. ესაა აშკარა დასტური, რომ ოლო გამის მიღმაა", - აცხადებენ სპეციალისტები.
„ოლოს ფერის შესატყვისად მოიხსენიებდნენ 'შაბიამნისფერს', 'მწვანეს', 'ლურჯ-მომწვანოსა' და 'მწვანეს, მცირე ლურჯით". სუბიექტები მის სატურაციას აფასებდნენ, როგორც 4-დან 4-ს, როცა შესაბამისი ახლო მონოქრომატული ფერების საშუალო მაჩვენებელი 2.9-ა", - ამბობენ ისინი.
ფერს მაშინ აღვიქვამთ, როცა ჩვენი თვალის ბადურას რეცეპტორები ელექტრომაგნიტური რადიაციის ზოგიერთი ტალღის ზეგავლენით სტიმულირდება. ეს რეცეპტორები სამი სახის ტალღებზე რეაგირებს: მოკლეზე, საშუალოსა და გრძელზე. სამივე ტიპის უჯრედები სპექტრული მგრძნობელობის მხრივ ერთმანეთს ემთხვევა, რის გამოც ნებისმიერი სინათლე სულ მცირე ორი ტიპის ფოტორეცეპტორს ერთდროულად ააქტიურებს. ეს აღქმადი ფერების დიაპაზონსა და სატურაციას ზღუდავს.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მხოლოდ ერთი ტიპის უჯრედების სტიმულაციის გზას მიმართეს, რისთვისაც ლაზერის ფოკუსირებული სინათლე გამოიყენეს. შედეგად, 5 მონაწილეში საშუალო ტალღურის სიგრძის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები გააქტიურდა და ამ ადამიანებმა ოლო დაინახეს. შემდეგ მეცნიერებმა ათასობით ცალკეული უჯრედი გაააქტიურეს და ადამიანებს გამოსახულებების დანახვის საშუალება მისცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, კომპიუტერის ეკრანებში სპექტრული მეტამერიზმის ტექნოლოგიაა გამოყენებული, ანუ სხვადასხვა სიგრძის ტალღის მქონე სინათლეა გაერთიანებული. ეს ადამიანის თვალის მიერ ფერების აღქმის მექანიზმს ჰგავს. ამისგან განსხვავებით, ზემოხსენებული ლაზერული მეთოდი სივრცულ მეტამერიზმს ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ ბადურაში სინათლის სივრცულ გადანაწილებაზეა ორიენტირებული. შედეგად, მრავალი ფერის მისაღებად მხოლოდ ერთი მონოქრომატული სინათლეა საჭირო.
ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი სტიმულაციის ზოგიერთი ასპექტი აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა გამოსახულების აღსაქმელად ერთდროულად ათასობით რეცეპტორის გააქტიურება ნამდვილი სიახლეა. ამას "იმედის მომცემ პრაქტიკულ ინოვაციას" უწოდებენ.