1773348202
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო ფესტივალის -„ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტს დაესწრო
ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“, მიმდინარე წელს, აჭარის მთავრობის აქტიური ჩართულობით გაიმართა, რომლის ფარგლებში მოეწყო არაერთი მასშტაბური ღონისძიება და მიეძღვნა ქართული ფოლკლორის უდიდესი მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.
ფესტივალი, ქალაქ ინეგოლში გალა კონცერტით გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში, არჩილ კალანდია და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
„ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, ბურსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე, სალიჰ ალთუნი, ქალაქ ბურსის მერი, შაჰინ ბიბა, ქალაქ ქესთელის მერი, ფერჰათ ეროლი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები, მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ომერ ფარუქ დემირთაში, ასოციაციების თავმჯდომარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აჭარის კულტურის მინისტრმა ისაუბრა ფესტივალის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ „ჩვენებურები“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. ამავდროულად, ფესტივალი ხელს უწყობს საქართველო-თურქეთს შორის არსებული მეგობრული და კულტურული კავშირების გაღრმავებას. ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორის საქმიანობას და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
აუდიტორიის წინაშე აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი" და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სრული საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, აჟღერდა ხახლური და ქალაქური მრავალხმიანი სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ,,ჩვენებურები" და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაციასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოქრო".
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა ინეგოლში, ორჰანგაზსა და ბურსაში, რომლებსაც ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები - ირმა აბულაძე და ზაურ ახვლედიანი, ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, მადონა თევზაძე, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება. ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის, ფოლკლორის, ტრადიციების დაცვა, წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.











