9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები - პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია

აქცია

 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები და 36 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. პარალელურად, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც.

9 აპრილის მემორიალთან ეტაპობრივად მიდიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებში თავად მონაწილეობდნენ.

"მაშინ წავედი ცოტა ადრე, 5 წლისა და 7 წლის შვილები მყავდა სახლში დატოვებული. დილით მოვიდა ჩემი მეზობელი - ჩახოცეს მთელი ახალგაზრდობაო და მთელი სამეზობლო მოვედით, რამდენიმე გვამი იყო აქ, ეს არასდროს არ ამოვა ჩემი თვალებიდან ", - აღნიშნა 9 აპრილის მონაწილე ერთ-ერთმა მოქალაქემ.

პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დრომდე რჩებიან. მათ დაკავებული აქვთ 9 აპრილის მემორიალი, მარცხენა მხარეს გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვიც, მობილიზებული არიან სამართალდამცველები. იყო დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა.

დემონსტრანტების უკმაყოფილება ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წევრის, კონსტანტინე ზარნაძის მისვლამ გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა მას მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.