„7 წლის წინ, ამ დღეს, მე მოვკვდი და თავიდან დავიბადე... გავუძელი, რადგან არ არსებობს ტკივილი რომელიც ჩემზე ძლიერია“ - ცხოვრება ერთი ხელით

salome gogeshvili

„17 აგვისტომ,მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. 7 წლის წინ,  ამ დღეს, მე მოვკვდი და თავიდან დავიბადე... გავუძელი, რადგან არ არსებობს ტკივილი რომელიც ჩემზე ძლიერია.
დღეს ჩემი მეორედ დაბადების დღეა. ტკივილით და სიხარულით სავსე მოგონებებით.... 
ამ დღეს დავკარგე სხეულის ნაწილი მაგრამ დავიბრუნე სიცოცხლე, სიცოცხლე ასე ძალიან რომ მიყვარს მთელი თავისი სირთულეებით.“- წერს სალომე გოგეშვილი, რომლის ცხოვრება, რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფის შემდეგ შეიცვალა.

ახალგაზრდა ქალმა მარჯვენა ხელი დაკარგა. საკუთარ მდგომარეობასთან შეგუებას წლები დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კიდური არ აქვს, დღეს შემდგარ და წარმატებულ ქალად ითვლება.

17 აგვისტო, 2015 წელი. სამსახურიდან გამოსული სალომე, ავტომობილით აგარაკზე მიემართება, იქ შვილები ელოდებიან... ფიქრებში გართულს მუხრუჭების ხმა აფხიზლებს, რამდენიმე წუთის შემდეგ გონზე მოსული ფეხებთან სიმძიმეს გრძნობს. იქ საკუთარ მარჯვენა მკლავს ხედავს... გონებას რეანიმობილში კარგავს... მერე იყო დეპრესია, საკუთარ მდგომარეობასთან შეგუება და სუიციდის მცდელობა. დღეს ის იმაზე ძლიერია, ვიდრე გუშინ ან მანამდე იყო. სალომე გოგეშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნება, რომლებსაც სულით ხორცამდე აქვთ გაცნობიერებული გამოთქმა: "რაც არ გკლავს, გაძლიერებს".

მოგვიანებით, საზოგადოებამ ის პროექტ „ნიჭიერით“ გაიცნო. ეს ინტერვიუ სალომესთან წლების წინათ ჩავწერე, გთავაზობთ ამონარიდს, სადაც იხსენებს იმ საბედისწერო დღეს, რომელმაც მისის ცხოვრება შეცვალა.

- ამ შემთხვევამ დამანახა ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი და ვერ ვაკეთებდი - ჭუპრიდან პეპელა გამოფრინდა, ცალი ფრთა მოტეხილი აქვს, მაგრამ უზომოდ მადლიერია შემოქმედის, რომ შესაძლებლობა აქვს, სიცოცხლით დატკბეს. უყვარდეს ყველა და ყველაფერი და თავისი მაგალითით სხვებს დაანახოს, რომ შეუძლებელი არაფერია... 33 წლის ვარ. პროფესიით ვოკალისტი, კონსერვატორია დავამთავრე. ვზრდიდი შვილებს, ვუვლიდი მეუღლეს და ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში საპასუხისმგებლო პოზიციებზე. მყავს 17 წლის მარიამი და 11 წლის სოფიო.

საბედისწერო მგზავრობა...

2015 წლის 17 აგვისტოს სამსახურიდან მოვდიოდი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწვიმარ გზაზე, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მოსრიალდა. რკინის ჯებირს შევეჯახეთ. როცა მივხვდი, რომ გარდაუვალი იყო ავარია, მარჯვენა ხელი ინსტინქტურად სახეზე ავიფარე. სახე ავტომობილის "ტორპედოს" ჩამოვარტყი და გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, ფეხებთან სიმძიმე ვიგრძენი. დავიხედე და ჩემი მოწყვეტილი მკლავი დავინახე. ახლაც მახსოვს ადამიანი, რომელმაც მაისური შემოიხია და მოწყვეტილ მკლავზე გადამიჭირა. ნუგეშად ჩამესმოდა მისი ხმა, ნუ გეშინიაო... მოგვიანებით მოვძებნე ის ბიჭი, ვინც ყველაზე მძიმე წუთებში დამეხმარა. ხელის ამპუტაცია დამჭირდა. როდესაც ოპერაცია დასრულდა, მაშინღა გავაცნობიერე, რაც დამემართა. ვის დავჭირდებოდი ცალი ხელით, რის გაკეთებას შევძლებდი და როგორ? - ეს ის კითხვები იყო, რომელსაც ვერ ვპასუხობდი.

თბილისში ბინა არა მაქვს. ჩემი ოჯახის წევრები ანტალიაში ცხოვრობენ და მეც იქ წავედი. საშინელი ტკივილი მტანჯავდა სხეულის ერთ არასწორ შერხევაზეც კი. დეპრესია დამეწყო, თურქეთში ცხოვრებამ უფრო დამთრგუნა. რამდენჯერმე თვითმკვლელობაც ვცადე, თუმცა იმ ადამიანების სიყვარულმა, ვისაც ვჭირდები, გადამაფიქრებინა ამის გაკეთება. ამ დროს ბავშვები მამასთან ცხოვრობდნენ. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ისინი სკოლას არ უნდა მომეწყვიტა, არ უნდა ეგრძნოთ, როგორ ვიტანჯებოდი. მერჩივნა, ჩემგან შორს ყოფილიყვნენ მათივე სიმშვიდის გამო."

დაბრუნება

"მერე მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. თბილისში ორი ჩანთით, ღია ცის ქვეშ დავბრუნდი. მეორე ოპერაციაც დამჭირდა, კიდურის რეამპუტაცია. პროთეზი, რომელიც მჭირდება, მხოლოდ გერმანიაში მზადდება. 28.000 ლარი ჯდება. წარმოუდგენელია ამხელა თანხის შეგროვება, უკვე აღარც ვფიქრობ ამაზე. დღისით გარეთ გასვლის მრცხვენოდა, მოკვეთილ ხელზე რამეს მოვიფარებდი, ხან ღამე გავდიოდი... როცა ამანაც გაიარა და თავი ძლიერად ვიგრძენი, ბინა ვიქირავე და შვილები ჩემთან გადმოვიყვანე.“ - ამბობს სალომე გოგეშვილი.