"20 პროცენტი ისედაც დაპყრობილია და რაც მიწა დაგვრჩა, ნუ შეგვიჭამ-მეთქი..." - ხვიჩას ამბები წიგნიდან, რომელიც დღეიდან გაყიდვაშია

kvara

გიორგი კეკელიძის წიგნი "ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" დღეიდან უკვე გაყიდვაშია. წიგნს თან ერთვის აკა მორჩილაძის წინასიტყვაობა. კონსულტანტები არიან ხვიჩას მშობლები - მაკა ლუკავა და ბადრი კვარაცხელია. პროდიუსერი ბერიკა შუკაკიძეა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ბერიკამ "პრაიმტაიმის" მკითხველს, კვარასა და მასზე დაწერილ წიგნზე, ბევრი საინტერესო დეტალი მოუთხრო. როგორც ის გვიყვება, ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარულით, საქართველოს წელს იტალიელები ეწვევიან და მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც საინტერესო სანაძლეოს აასრულებენ.

ბერიკა შუკაკიძე: ამ ზაფხულს ველოდები ნეაპოლელებს საქართველოში. იქ ბევრჯერ ვიყავი და იშვიათად მინახავს ტრიბუნაზე ვინმე, საქართველოში რომ არ აპირებდეს ჩამოსვლას. რომ ხედავენ, საქართველოს დროშა მაქვს მოხვეული, მოდიან და მადლობას მიხდიან ხვიჩასთვის. მსოფლიოში ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი და არა მგონია, ასე მადლობებს უხდიდნენ ვინმეს ფეხბურთელის გამო. ხვიჩამ დაბალი ეკონომიკის მქონე, ჩამკვდარ ქალაქში სიხარული დააბრუნა.

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ნეაპოლის ორი უნივერსიტეტის ლექტორს ვიცნობ და მათ ვუთხარი, სამხრეთ იტალიის რენესანსი "კვარავაჯომ" (კვარა - კარავაჯო) დაიწყო-მეთქი.

ქალაქში იგრძნობა, რომ ხალხი გახარებულია, ბედნიერია.

კაცმა შვილს დაარქვა ხვიჩა. მას დიეგო დაარქვა მამამისმა მარადონას ნეაპოლში თამაშის დროს.

ხვიჩა მეგრულად "ვარსკვლავს" ნიშნავს.

ერთ ნეაპოლელ პროგრამისტს, კვარას დიდ გულშემატკივარს, ხვიჩას დედ-მამის ხელმოწერა გავუგზავნე. ასეთი სანაძლეო დადო - სკუდეტოს თუ მოიგებენ, ჩამოვალ საქართველოში და ქართული მიწა უნდა შევჭამოო. და ეს ადამიანი სახელად - რაფაელე გვიდო აპირებს ამის შესრულებას. მე ვუთხარი, 20 პროცენტი ისედაც დაპყრობილი და ოკუპირებულია და რაც მიწა დაგვრჩა, ნუ შეგვიჭამ-მეთქი. აქ რომ ახლა მიწის ჭამა დაიწყონ იტალიელებმა, არ გამოვა ეგ ამბავი. "ნაპოლის" აქტიური ფანკლუბია, იუთუბიზე აქტიურები არიან და ეს იუთუბერები ფეხით აპირებენ იტალიიდან საქართველოში ჩამოსვლას. აი, ასეთი ამბები დაატრიალა კვარამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ,,მეგრელების ხასიათი ძალიან ახლოსაა ფეხბურთელის ფსიქოტიპთან..." - უცნობი ფაქტები კვარასა და მასზე დაწერილ წიგნზე

სრული ფურორი და უწყვეტი აპლოდისმენტები „შაშვი შაშვი მაყვალის“ მსოფლიო პრემიერაზე - რა მოხდა კანის კინოფესტივალზე

"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა... მერე მამამ ქუდში ხელი ჩამაყოფინა და..." - უცნობი ამბავი სოფიკო ჭიაურელზე

"ამას ღმერთს ვერასდროს დავაბრალებ... როგორ შემიძლია მას გავუნაწყენდე?" - მარიკა კვალიაშვილი თავის ტკივილზე