1738558660
,,2 წელში 105 კილო დავიკელი” - გიორგი შალვაშვილს ინსულტის შემდეგ კუჭის ოპერაცია მოტყუებით გაუკეთეს
მუსიკოსმა გიორგი შალვაშვილმა 2 წლის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე გიორგი შალვაშვილი ჟურნალ „სარკეს” უამბობს.
„ამისთვის 2 წელი დამჭირდა. მივიდოდი ექიმთან, გამომიცხადებდნენ, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. დავთანხმდებოდი, წამოვიდოდი სახლში და ვფიქრობდი, ახლა შემოდგომაა, ქორწილები, ძეობები, სუფრები, არა, ასეთ დღეებს ვერ გამოვტოვებ-მეთქი. მერე ახალი წელი მოდიოდა, კონცერტები იწყებოდა, ქეიფები. მერე გაზაფხული და ასე გადავავადე 2 წელი.
ამასობაში გულის პრობლემები შემექმნა, გადავიტანე ინსულტი. ჩემმა მეგობარმა კაკი ბოლქვაძემ იძულებით წამიყვანა კლინიკაში მეგობარ ექიმთან. გამსინჯა თუ არა, მითხრა, ბომბზე ზიხარ, დაიღუპები, თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებო. როგორც წესი, დავეთანხმე და სახლში წამოვედი. ისევ ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, რომ ოპერაციას ვერ გადავიტანდი. მომდევნო დღეს კაკიმ მითხრა, დილიდან მშიერი წამოხვალ კლინიკაში ანალიზების გასაკეთებლადო. მივედი მშიერი, შემიყვანეს, მითხრეს, ახლა ჩაისუნთქე ღრმადო, რაღაც დამადეს ცხვირზე, ჩავისუნთქე და… როცა ამოვისუნთქე, უკვე ოპერაცია გაკეთებული მქონდა.
უნდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივად გადავიტანე ოპერაციის შემდგომი პერიოდი. არც ტკივილები მქონია, უბრალო გამაყუჩებელიც არ დამჭირვებია. რამდენიმე დღეში გამოვეწერე და პირდაპირ სტუდიაში წავედი სიმღერის ჩასაწერად. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, საერთო ჯამში, 105 კილო დავიკელი“,- ამბობს მუსიკოსი.