ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

გურამ გურამიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტირება-მშენებლობის ეტაპი. ზოგადი პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებულია საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება, რაც ხორციელდება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით მიმდინარეობს. ტესტირებები შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია JV Jan De Nul – Prime concrete) ქვეკონტრაქტორის საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს კომპანია Jan De Nul პარტნიორებმა და კონტრაქტორებმა.

გურამ გურამიშვილი ტალღმტეხელის 3D ვირტუალური სიმულაციის პროცესს და ამ სიმულაციის გათვალისწინებით ძირითად საპროექტო პარამეტრებს გაეცნო. ტესტირება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანია DHI განახორციელებს, რომელიც სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტირებებზეა სპეციალიზებული. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მსოფლიოში მოწინავე კომპანია წარმართავს, რომელსაც 60-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.

„აღნიშნული პროცესი ხორციელდება მოწინავე ჰიდრო-ტექნიკური მეთოდოლოგიით, რაც საშუალებას მოგვცემს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში  მდგრადი საზღვაო ინფრასტრუქტურა მივიღოთ. ეს უზრუნველყოფს წელიწადის ყველა დროს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში გემების შემოსვლა-გასვლას და ოპერირებას“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

კომპანია DHI-ის მიერ ფიზიკური მოდელის 3D ტალღის ტესტირების გარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ტალღმტეხელის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები იქნა შეთანხმებული. ვიზიტის ფარგლებში ასევე  სხვადასხვა სახის თემატური და ტექნიკური ხასიათის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.