1732386875
ვინ არიან „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს გარდაცვლილები
ე.წ. კანონიერი ქურდები, უთანხმოება მათი ბიზნეს ინტერესების გამო და ორმხრივი სროლა მსხვერპლით. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2 ადამიანი მოკლეს და 5 დაჭრეს საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა ოფიციალური განცხადებები დაკავებულების ან ეჭვმიტანილების შესახებ შს სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.
ხუთივე დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება - სწორედ ისინი იქნებიან მთავარი მოწმეები გამოძიების ეტაპზე. "კურიერის" ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც ამ კონფლიქტის სათავეში დგანან, საქართველოში არ იმყოფებიან, საუბარია ორ ე.წ. კანონიერ ქურდზე.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია მოკლული, კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაჭრილია 5. ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღის ხმა გაიგეს და დაინახეს, როგორ ეხმარებოდნენ სასწრაფოს ექიმები დაშავებულებს.
კრიმინალური გარჩევის სავარაუდო მოტივად ე.წ. ავტორიტეტებს შორის ბიზნეს ინტერესები სახელდება, დაპირისპირებულ მხარეებად კი ე.წ. კანონიერი ქურდები ლევან მარღია და ირაკლი ყალიჩავა, იგივე იკა გალსკი. ეს უკანასკნელი ტაქსის მძღოლების რეკეტის საქმეში ფიგურირებს. მასთან დაახლოებული პირები თბილისის აეროპორტში ტაქსის მძღოლებს ე.წ. ობშიაკისთვის ფულს სძალავდნენ.
გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში ყალიჩავას ინტერესებს იცავდა კიდევ ერთი კრიმინალური წარსულის მქონე პირი, ხვიჩა ცხაკაია. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცხაკაია ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და საპატიმრო 2012 წელს დატოვა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ხვიჩა ცხაკაიას ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია.
ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საქმის ფიგურანტების შესახებ ბევრი ვერსია გაჟღერდა. მომხდართან შესაძლო კავშირში დასახელდა "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დავით შენგელია, რომელიც კონკრეტულ დაპირისპირებაში, რაიმე ფორმით თანამონაწილეობას გამორიცხავს.
ღამით მომხდარი შემთხვევის მონაწილე 5 პირი დაჭრილია. დაჭრილები საავადმყოფოში თავად მივიდნენ. ჭრილობები მათ ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "კურიერის" ინფორმაციით, შსს-ს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს დაპირისპირებაში მონაწილე პირები.