ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა მიმდინარეობს

შსს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გარკვეულ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ ვისი გამოკითხვა მიმდინარეობს მოცემული მომენტისთვის, თუმცა ადასტურებენ, რომ აღნიშნული პროცესი დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდი კი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კრიტიკული მედიცინის ცენტრში რჩება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.