ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად - პრემიერი ვაკის პარკში მომხდარზე

პრემიერი

ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

ფაქტს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება. 

„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“,- ამბობს პრემიერი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.