ვაკეში მოკლული მამაკაცი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმაა - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

სროალ ვაკეში

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე გასულ ღამეს მოკლული მამაკაცი ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. დაჭრილია მისი თანმხლები პირიც. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაჭრილს მსუბუქი დაზიანება აქვს ფეხის არეში და ის უკვე სახლშია გაწერილი.

მოკლული ჭავჭავაძის ქუჩაზე ახლობლის პანაშვიდზე თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, იქიდან გამოსვლის შემდეგ, მას ჩასაფრებული შეიარაღებული მამაკაცი დახვდა და ცეცხლი გაუხსნა. "კურიერმა" შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს. ჩანაწერში ჩანს, რომ შეიარაღებული მამაცი ცეცხლის გახსნის შემდეგ ჭავჭავაძის ქუჩას კვეთს და მიიმალა.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა და მას არაერთი ადამიანი შეესწრო. თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ორი ტყვია მოხვდა ახლოს მდებარე კვების ობიექტსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ორი მუხლით - განზრახ მკვლელობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით დაიწყო.