ნარკოტიკების გასაღება, ეს მცირე ულუფებით იქნება თუ დიდით, იქნება ერთნაირად დასჯადი თითქმის და ის სამუდამო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს. ინიციატივა, რომელის მიზანიც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაა, სანქციებს უზრდის რეალიზატორებს. მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შემთხვევაში, გამსაღებელს 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გასაღების ნაწილში გამკაცრება ეხება მარიხუანით მოვაჭრეებსაც. თუ მომხმარებლებს დაუდასტურდებათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, მათ ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ, 5 წლის განმავლობაში კი ვერ იმუშავებენ საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

"მიზანი არის ის, რომ ნარკოგასაღება საქართველოში დავიდეს მინიმუმამდე. ილუზია არც ერთს არ გვაქვს და ვიცით, რომ მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ, სადაც სიკვდილით დასჯაც კი არის ნარკოტიკების გასაღებაზე, ეს საქმე ნულამდე ვერ დაიყვანა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს იმდენად მინიმალიზებული იყოს, რომ საქართველოს მომავალზე და ჩვენს ახალგაზრდობაზე ნაკლები გავლენა მოახდინოს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და არც შეიძლება სხვა რამე იყოს. ამიტომაც, გადავდგით ის ნაბიჯი, რომ ნარკოტიკების გასაღება - ეს მცირე ულუფებით იქნება თუ დიდით, იქნება ერთნაირად დასჯადი თითქმის და ის სამუდამო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს", - აცხადებს  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.