დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება - ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ყოფილმა ცოლმა მიყურადებაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ჩოგბურთელი მის ტელეფონს უსმენდა.
ნეკა დოროყაშვილი ბრალდებულის ადვოკატების კითხვებს თითქმის ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა.
დაცვის მხარემ ჰკითხა უთვალთვალებდა თუ არა თავად დოროყაშვილი კერძო დეტექტივების მეშვეობით ნიკოლოზ ბასილაშვილს, რაც ქალმა უარყო.
ამას არ დაეთანხმნენ ადვოკატები და თქვეს რომ თვალთვალის შესახებ სანდო ინფორმაცია აქვთ. დღეს, ნეკა დოროყაშვილმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. თქვა, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შევიწროვებასთან ერთად, მას სწორედ მეუღლის გამო კარიერაზე უარის თქმა მოუხდა.
პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა გააჟღერა ვერსია, თითქოს ნელი დოროყაშვილს პროკურორი პროცესის პარალელურად სწერდა მესიჯებს თუ რა უნდა ეთქვა დოროყაშვილს, რაზეც დოროყაშვილის ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა და ირმა ჭკადუას მიმართა, რომ მსგავსი სერიოზული ბრალდებებისგან თავი შეეკავებინა.
ნელი დოროყაშვლმა ბრალდება უარყო და ირმა ჭკადუას შესთავაზა, შეემოწმებინა მისი მობილური ტელეფონი.
„მე შემიძლია გაჩვენოთ ტელეფონი, სად არის აბა პროკურორის მესიჯები? შეგვიძლია ვნახოთ“, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.
დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა მათ პირად ურთიერთობაში აქტიურად იყო ჩართული.
„ახალი გაჩენილი მყავდა ბავშვი და დედაჩემთან წავედით. ნიკოლოზიც ჩემთან ერთად იყო მაგრამ მახსოვს დედამისმა დაურეკა და უთხრა ნაკეისრალ ქალთან როგორ წვებიო? ამის შემდეგ ნიკა წავიდა სახლში“, - აცხადებს დოროყაშვილი.
გამოკითხვა ხვალაც გაგრძელდება - ამჯერად სავარაუდოდ კითხვებს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც დასვამს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.