„თვითონაც გაუკვირდა, რატომ იყო იქ პოლიცია...“ - რა უთხრა ბადრი ესებუამ ადვოკატს

ესებუა

2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა ადგილსამყოფელს იცვლიდა - ამბობს ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატი. დაკავებული ადვოკატს უყვება, რომ ის ნათესავ ჯიქიებთან სპეცოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა.

სად იყო ბადრი ესებუა ამ დროის განმავლობაში და ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი საკუთარ ოჯახის წევრებთან, ამ დრომდე უცნობია.

საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და დილიდან განახლდება გამოკითხვები. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. როგორც ადვოკატი ამბობს, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს შორის არ არის თანხა, რომელიც ესებუამ 2020 წელს ზუგდიდში ბანკზე განხორციელებული ტერორისტული დანაშაულის შედეგად მიითვისა.

"ოჯახის წევრებთან ან სხვა პირებთან ან თავის მეზობლებთან ან თუნდაც იმ პირებთან, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იმალებოდა თუ არ იმალებოდა, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია. შესაძლებელია იყო აფხაზეთშიც.

რაც შეეხება ჯიქიების სახლში მისვლას, მე როგორც მისგან ვიცი, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე იყო მისული და ფაქტობრივად, თვითონაც გაუკვირდა, რატომ იყო იქ პოლიცია. რაც შეეხება თანხას არ არსებობს," - განაცხადა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.