ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კუანდიკ ბიშიმბაევზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ბიიმბაევი

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევის ყოფილი ცოლი, ნაზიმ კახარმანი, აცხადებს, რომ ბიშიმბაევის ოჯახი ბავშვებისთვის ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს.

გავრცელებულ ინფორმაციას ბიშიმბაევის ადვოკატი უარყოფს.

„იგი მხოლოდ აპირებს, ან გააუქმოს, ან შეცვალოს შეთანხმება ალმენტთან დაკავშირებით, რადგან ამჟამად არ აქვს შესაბამისი შემოსავლის წყარო. კანონი ამის საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ პირის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. რეალურად, ქუანდიკ ბიშიმბაევის შემოსავალი მნიშვნელოვნად შეიცვალა...“, - აცხადებს ბიშიმბაევის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ექსმინისტრს ცოლის მკვლელობისთვის 24 წელი აქვს მისჯილი.

2023 წლის 9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

რესტორან BAU-ში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ ბიშიმბაევის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას სხეული იპოვა. ქალს თავის არეში მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა. რესტორანი წყვილის დაკვეთით იყო დაკეტილი, მკვლელობის მომენტში შენობაში მხოლოდ ცოლ-ქმარი და პერსონალი იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით ბიშიმბაევი არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავეს.

2023 წლის 10 ნოებერს ასტანის პოლიციამ მკვლელობის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. გამოძიების თქმით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა ცოლს სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა, ეჭვმიტანილმა ასევე დანაშაულის დამალვა და კვალის არევა სცადა.

პროკურატურა მოწმის, ბიშიმბაევის ბიძაშვილის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც იმ რესტორნის ადმინისტრაციაში მუშაობს, რომელშიც მკვლელობა მოხდა. რესტორანი ბიშიმბაევის ოჯახის მფლობელობაშია.

მოწმის თქმით ბიძაშვილმა 9 ნოემბერს, 9:30-ზე დაურეკა და რესტორანში მოსვლა სთხოვა. ადგილზე მისულმა VIP-ლაუნჯში ნახა ნუკენოვა, რომელიც ტახტზე უმოძრაოდ იწვა და ხვრინავდა. მიუხედავად იმისა, რომ იატაკზე სისხლის კვალი დაინახა, მოწმემ ჩათვალა, რომ ნუკენოვას სძინავს. ბიშიმბაევმა საბნების მოტანა სთხოვა, შემდეგ კი მოტანილი ორი საბანი ცოლს დააფარა.

ამის შემდეგ მოწმე თავის სამუშაო ოთახში დაბრუნდა. დაახლოებით 13:00 საათზე ბრალდებულმა კვლავ დაურეკა და სიგარეტის, ასპირინის და კეტონალის მოტანა სთხოვა. ნივთების მიღების შემდეგ ბიშიმბაევმა რესტორნის პერსონალის გაშვება მოითხოვა. ბიძაშვილმა თხოვნა შეასრულა და კაბინეტში დაბრუნდა.

13:30-ზე ბიშიმბაევმა მოწმეს What's Up-ში მიწერა: "წაშალეთ ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან". ბიძაშვილმა ადმინისტრატორს ბრძანება გადასცა და მოგვიანებით დარწმუნდა, რომ ჩანაწერები წაშლილია.

14:00 საათზე ბიშიმბაევმა ბიძაშვილი კვლავ VIP-ლაუნჯში დაიბარა და ნუკენოვას კუთვნილი Iphone-ის მოძებნა სთხოვა, შემდეგ ნაპოვნ ტელეფონთან ერთად საკუთარ სახლში წასვლა და გზად ფიტნეს კლუბში 10-15 წუთით გაჩერება დაავალა. თხოვნა ყოფილმა მინისტრმა იმით ახსნა, რომ ცოლის ლოკაციას ტელეფონით ძმა ამოწმებდა.

დავალების შესრულების შემდეგ ბიძაშვილებმა რესტორანში ისადილეს. სადილის შემდეგ, დაახლოებით 16:35 საათზე ბიშიმბაევმა ნათესავს ნუკენოვას ნახვა თხოვა, მოწმის განმარტებით ნუკენოვა უძრავად იწვა და აღარ ხვრინავდა. მას სასწრაფოში დარეკვა უნდოდა, მაგრამ ბრალდებულმა გადააფიქრებინა და უთხრა, რომ ქალს სძინავს. 5 წუთში ბიშიმბაევმა ბიძაშვილს ქალისთვის პულსის შემოწმება სთხოვა.

დაკითხვის ოქმის მიხედვით მოწმე მხოლოდ პულსის შემოწმების შემდეგ მიხვდა, რომ ქალი მკვდარია და სასწრაფოში დარეკა.

გამოძიების ინფორმაციით ბიშიმბაევი ცოლს დაახლოებით 7:00 საათზე დაესხა თავს, ხოლო მოწმის თქმით ნუკენოვა 14:00 საათზე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ხვრინვა, რომელიც ეჭვმიტანილის ბიძაშვილმა რამდენჯერმე გაიგონა თავის ძლიერი ტრავმისთვის დამახასიათებელი ხმაა, რომელსაც ტრავმირებული ადამიანი გამოსცემს.

პოლიციამ ასევე წაშლილი ვიდეოჩანაწერები აღადგინა, თუმცა კამერები არ იყო დამონტაჟებული VIP-ლაუნჯში.

ოჯახის წევრების თქმით ნუკენოვა სასტიკად იყო ნაცემი და სხეულზე "ცოცხალი ადგილი არ ჰქონდა" შერჩენილი. გარდაცვლილის მეგობრების თქმით ბიშიმბაევი ცოლზე წარსულშიც ფიზიკურად ძალადობდა.