VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
„გერმანული დასკვნა“ თავისი არსით წარმოადგენს ძალიან სუსტ ე.წ მტკიცებულებას დაცვის მხარისათვის. თავისი შინაარსით იგი არ არის კატეგორიული და შესაბამისად, ,,ქართული დასკვნის“ (იგულისხმება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა) საპირწონედ ვერ გამოდგება-, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „TV პირველის“ ეთერში 2025 წლის 22 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებებს აკეთებს.
„უფრო ნათელი რომ გახდეს საზოგადოებისთვის თუ რა იგულისხმება, აქვე წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტის ,,შეჯამებიდან“ რამდენიმე ამონარიდს: 1) ,,...სპექტრული ანალიზის შედეგად, აუდიოფაილში... გამოვლინდა რამდენიმე მონაკვეთი, რომელიც შესაძლო რედაქტირებაზე მიუთითებს; ... ეს პაუზა საჭიროებს კომუნიკაციის შინაარსობრივი (ანუ ლინგვისტური ანალიზი, რაც არ განხორციელებულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ გერმანელმა ექსპერტმა არ იცის ქართული ენა) ანალიზის დამატებით შესწავლას, რათა აუდიოჩანაწერის შესაძლო რედაქტირება საბოლოოდ გამოირიცხოს...“; 2) ,,...არ არსებობს პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ ეს დრო (იგულისხმება აუდიოფაილის შექმნის დრო) აღნიშნავს საქართველოს დროის ზონას, რადგან შესაბამისი ჩაწერის მოწყობილობა კვლევის ობიექტს არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია მოწყობილობის ტიპისა და მისი დროის პარამეტრების შესახებ, რაც ზუსტი დროის დადასტურებას შეუძლებელს ხდის“; 3),,...ზოგიერთ მონაკვეთში (აუდიოჩანაწერში) მესამე პირის არსებობა გამორიცხული არ არის... დამატებითი ანალიზი და კომუნიკაციის შინაარსის (ანუ ლინგვისტური ანალიზი, რაც არ განხორციელებულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ გერმანელმა ექსპერტმა არ იცის ქართული ენა) განხილვა საჭიროა ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად“,-აღნიშნავს ადვოკატი.
მისივე თქმით, ,,გერმანული დასკვნის“ ანალიზიდან დასტურდება შემდეგი: ა) დასკვნა უტყუარად ვერ ადგენს, რომ აუდიოფაილი არ არის რედაქტირებული/დამონტაჟებული, უფრო საპირისპირო იკვეთება, ვინაიდან დასკვნა შეიცავს რედაქტირების/მონტაჟის არსებობის დაშვებას!; ბ) ყველა განმარტება დამონტაჟებული აუდიოჩანაწერის ზუსტი დროის თითქოსდა დადგენილად მიჩნევის შესახებ არის სიცრუე, რადგან აუდიოფაილის შექმნის ზუსტი დროის დადასტურება შეუძლებელია! 3) ზუსტად ვერ დგინდება რამდენი მონაწილის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი აუდიოჩანაწერში! ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მსჯელობა იმაზე (საკითხის კვლევა), აუდიოჩანაწერში ისმის თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის ხმები, არარელევანტურია და მოკლებულია გონივრულობას, რაც მიუთითა კიდეც ექსპერტმა ,,ქართულ დასკვნაში“. სამწუხაროდ, ასეთ დასკვნაზე დაყრდნობით, იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა“.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდანაც კი ვლინდება, რომ „ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული; ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე; ბიძინა ივანიშვილისათვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისათვის კრედიტის გაცემა; არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბანკი ქართუს აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დადგომოდა მესამე პირს“.
„მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მე, როგორც დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, არაერთხელ განვაცხადე პრესის წინაშე, რომ აუდიოჩანაწერი, თუნდაც დამონტაჟებული შინაარსით, ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კრედიტის მიმღები არ იყო ბრალდებული, კრედიტის გაცემა მოხდა ტექნიკურ კომპანიაზე/ნომინალურ მსესხებელზე და ბრალდებული არ ყოფილა ინვესტორი ბიტკოინების მაინინგის მიზნით ბანკი ქართუდან კრედიტის სახით გაცემული ინვესტიციის ნაწილში. კერძოდ, არაავთენტური/დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდანაც კი ვლინდება შემდეგი:
1) ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული; 2) ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისათვის; 3) ბიძინა ივანიშვილისათვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისათვის კრედიტის გაცემა; 4) არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ბანკი ქართუს აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დადგომოდა მესამე პირს (ანუ მოეხდინა ქართუ ბანკში სხვა პირის კრედიტის უზრუნველყოფა, საკუთარი ან მისი ოჯახის წევრის გარდა). იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადი სახსრებით, აუდიოჩანაწერში ასახული მისი ეს განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი ბანკი ქართუდან გაცემული თანხების ნაწილში; 5) ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის (გამომუშავების) კონტრაქტში, მაშინ როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე; 6) მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით, ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისაგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის გაცემაზე, აწოდებს მას მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით წილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია რომ აბსურდია; 7) ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. ,,სესხის გაცემა პრობლემა არ იქნება, თუკი ბანკის დირექტორთან მიხვალ და აუხსნი მას საქმის ვითარებას“, ასეთი დაპირება ბიძინა ივანიშვილს არ გაუცია, არც დამონტაჟებულ ჩანაწერში ისმინება ამგვარი ტექსტი და შესაბამისად, ტყუილია ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ეს პოზიცია (თუ მე ვცრუობ, შეუძლიათ სრული ჩანაწერი მოასმენინონ მათ მაყურებელს); საკითხის ხელახალი გავლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან. ფაქტობრივად, ეს არის დამონტაჟებული აუდიოჩანაწერის სრული შინაარსი და წარმოუდგენელია, რომ ობიექტურმა შემფასებელმა ეს შეაფასოს, როგორც ბაჩიაშვილის ინვესტორობის დასტური“,- აღნიშნავს თეიმურაზ წიქვაძე.