სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი სამართალდამცველი დააკავა

დაკავება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი 2017 წელს, სიღნაღში მოხდა.

ვლადიმერ მჭედლიშვილი ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლს იღებდა, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მას მოუწოდა, შეეწყვიტა სმა საჯარო სივრცეში, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. პოლიციელმა მოქალაქე განყოფილებაში გადაიყვანა და სცემა.

გამოძიების ინფორმაციით, ინსპექტორ გამომძიებელი მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ურტყამდა ფეხებს და მუშტებს, გვერდებსა და თავში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებულმა ნეკნების მოტეხილობა და სხვა დაზიანებები მიიღო.

2023 წელს სტრასბურგმა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს.

საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადაიბარა და ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელმაც პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავეს.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლების პირობებში ყოფნის შემთხვევაში არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები და აქედან გამომდინარე, მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მართლაც გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ძალადობით მას შემდეგ, რაც მან მოახდინა ადმინისტრაციული წესით დაკავება დაზარალებულის და გადაიყვანა პოლიციის სამმართველოში, იქ გაუსწორდა ფიზიკურად,“ - აცხადებს საქმის პროკურორი.