1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პარტია "კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ 220 000 ლარამდე დააჯარიმა.
აუდიტის სამსახურში გამოცემა პუბლიკას უთხრეს უწყება „ალტ-ინფოს“ 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენასა და არაფულადი შემოწირულებების დამალვას ედავებოდა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკლარაციაში პარტია აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვეში მათ ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ. რაც შეეხება არაფულადი შემოწირულებების დამალვას, როგორც უწყებაში განმარტავენ, დეკლარაციაში არ იყო ასახული საოფისე თუ სხვა ინვენტარული მომსახურება.
აუდიტის სამსახურის გაანგარიშებით, პარტიის მიერ ჯამში არადეკლარირებულმა ხარჯებმა 72 ათასი ლარი შეადგინა. კანონმდებლობის მიხედვით, პარტია უნდა დაჯარიმდეს თანხის ორმაგი ოდენობით. ასევე, ერთმაგი ოდენობა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. შესაბამისად, სამსახურის თქმით, სასამართლოში პარტიის 216 000 ლარის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართეს.
როგორც „ტვ პირველთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა მორგოშია ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
„პარასკევს დაწერეს ეს ჯარიმა, დაახლოებით 220 ათასი ლარია, ზუსტად არ მახსოვს. გამოგვიტანეს თითქოს არასწორი ხარჯვა… შარი მოგვდეს. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც და თუ მაინც მიიღებენ ვერდიქტს, დავემორჩილებით კანონს. თუ საბოლოო ვერდიქტი იქნება, ვაპირებ, გადავიხადო“, - თქვა კოკა მორგოშიამ.