არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა, შესაძლოა, 10-დან 50 ლარამდე გაიზარდოს

პარკირება

არასწორი პარკირებისთვის სანქციების გამკაცრებაზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღეს, იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით გადის.

პროექტის თანახმად, 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება ზოგადად პარკირების წესის დარღვევა, ორმაგდება ჯარიმა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში გაჩერებისთვის, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას. "ქართული ოცნების" გუნდის მიერ წარდგენილ ამ ინიციატივას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, იგი ჯარიმების გაზრდას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან სოციალური ფონი ისედაც მძიმეა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გარკვეული კატეგორიის დარღვევებზე ჯარიმების გაზრდა აუცილებელია, მაგალითად, როგორიცაა შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილას სხვა ტიპის ავტომობილის გაჩერება, ველობილიკების გადაკვეთა, ზებრა გადასასვლელებზე მანქანის პარკირება და ა.შ.