სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი გვაზავა შეიწყალა, რომელმაც რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა მიითვისა, მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი გვაზავა შეიწყალა, რომელმაც რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა მიითვისა, მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი გვაზავა შეიწყალა, რომელმაც რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა მიითვისა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლს, ლევან გიგოლაშვილს და ინდივიდუალურ მეწარმეს გიორგი ყეინაშვილს დიდი ოდენობის თანხის მითვისების საქმეზე განაჩენი 2023 წლის 3 აპრილს გამოუტანა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუების დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და მათ 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, კლინიკაში 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ხელშეკრულები გააფორმეს. ბრალდებულებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი ინსპექტირების, მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფოს კუთვნილ 143 846 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ და სცადეს დარჩენილი 436 921 ლარის დაუფლება.

ასევე დადგინდა, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საიდანაც ბრალდებულები სახელმწიფოს კუთვნილ 78 032 ლარს დაეუფლნენ და დარჩენილი 90 568 ლარის დაუფლება სცადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტებზე. ასევე, ,,საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს და ინდივიდუალურ მეწარმეს სასჯელის სახედ და ზომად - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კომპანიის დირექტორს - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით განესაზღვრათ." - ნათქვამია პროკრატურის გავრცელებულ განცხადებაში.