სააკაშვილმა მერვე კლასელ პატარა ბიჭს „ხულიგანი“ ეძახა - დიახ, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ - ანა აბაშიძე

ანა აბაშიძე

სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანა აბაშიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მიიჩნევს.

ამ განცხადებით, მან უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მიხეილ სარჯველაძის კითხვას, მიიჩნევს თუ არა ის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის.

„კი, მივიჩნევ. უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში, როდესაც მან სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, აი ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილმა, 53-ე სკოლის დირექტორმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმა და ა.შ., თუმცა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა „ხულიგანი“ ეძახა.

მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების და მაშინდელმა სახალხო დამცველმა რეკომენდაციაც გასცა და მიხეილ სააკაშვილის ქცევა ძალიან ნეგატიურად იქნა შეფასებული. ჩემი შეფასებით, ყველაზე არაეთიკური და ბავშვზე არაორიენტირებული სკოლის დირექტორი იყო. ეს ერთი შემთხვევაა. მე შემიძლია ბევრი სხვა შემთხვევა ჩამოგითვალოთ.“– განაცხადა ანა აბაშიძემ.