„რაჭაში გეგმავდა წასვლას... კახამ დამირეკა, თავს დაგვესხნენო“ - რას ჰყვება გახმაურებული საქმის მოწმე

საბა გახოკია

გოგებაშვილის ქუჩაზე, 4 მაისს, სროლის შედეგად დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გოგი მარგველაშვილის ვაჟია.

ჟურნალმა „გზამ“ გაასაჯაროვა გახმაურებული საქმის მთავარი მოწმის ჩვენება, რომელიც ექსკლუზიურად მოიპოვა.

კახა კამლაძე გიჩო მარგველაშვილის ბიძაშვილის დაცვის წევრი იყო და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ამ მოწმის, ა.გ.-ს ჩვენება (სტილი დაცულია):

"ვარ ბიზნესმენი და სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობ, მათ შორის, მაქვს სასოფლო სამეურნეო მიწები და ვაშენებ შემდგომ იჯარით გასაცემ ფართობს. ჩემს დაცვას უზრუნველყოფენ კახაბერ კამლაძე და ივანე ტალიაშვილი. სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ჩემთან ერთად გადაადგილდებიან. ჩემი მამიდაშვილია გივი მარგველაშვილი, რომელსაც მივმართავთ სახელით გიჩო. გივი მარგველაშვილი ასევე საქმიანობს კერძო ბიზნესის მიმართულებით. როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთ-ერთი კომპანიის - შპს "როზუმის" საქმიანობაში მიწევს დახმარებას კონკრეტულად ხელშეკრულებების გაფორმებაში.

გივი მარგველაშვილი ცხოვრობს გოგებაშვილის და პეტრიაშვილის ქუჩების კვეთაზე. დღეს, დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი ოფისში, რომელიც ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს. დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე დამიკავშირდა ჩემი მეუღლე, რომელმაც ჩვენი შვილი სკოლიდან გამოიყვანა და იმყოფებოდა ჩემი დაცვის ერთ-ერთ წევრთან, ივანე ტალიაშვილთან ერთად. მითხრა, რომ ერთად გვესადილა. იმავე პერიოდში დამიკავშირდა ან გივი მარგველაშვილი, ან კახა კამლაძე და მითხრეს, რომ იყვნენ ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე. ვისაუბრეთ და გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი მათთან.

ასევე დაგაინტერესებთ: VIDEO: რა გახდა ვერაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

გივი მარგველაშვილი იმ დღეს გეგმავდა რაჭაში წასვლას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მე ოფისიდან გარეთ გავედი და მოტოციკლეტით წავედი. ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვისადილე რესტორანში, რომელიც ჭოველიძის ქუჩის კუთხეში მდებარეობს. დაახლოებით 17 საათისთვის ჩვენ დავტოვეთ იქაურობა და გავემართეთ საცხოვრებელი სახლისკენ. მე კვლავ მარტო წავედი მოტიციკლეტით. ჩემი ოჯახის წევრები ივანე ტალიაშვილთან ერთად, უკან გამომყვნენ მანქანით. სახლში ვიყავი, რომ დამიკავშირდა კახა კამლაძე და მითხრა, - არ ინერვიულო. თავს დაგვესხნენ, გიჩოც ცოცხალია და მეც, მაგრამ გიჩო დაჭრილია და სასწრაფოდ ამოდიო.

მაშინვე წავედი მე ჩემი მოტოციკლეტით გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე იყო პოლიციის, "სასწრაფოს" და სახანძროს მანქანები. ადგილი შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით. დავინახე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კუთხეში ესვენა, ტროტუარის ნაწილზე, უმოძრაოდ.

გარშემო მყოფების საუბრით მივხვდი, რომ ის გარდაცვლილი იყო. იმავე ადგილას, დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, ქართული რესტორნის კიბის წინ კახა კამლაძე იჯდა და გიჩოს თავი მას კალთაში ედო. გიჩოს ფეხებზე ქამრები ჰქონდა შემოჭერილი. გიჩო და კახა კამლაძე ერთად იყვნენ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ გიჩო გარდაცვლილი იყო, მაგრამ სახეზე შევხედე და გონებაზე იყო, თუმცა მასთან კომუნიკაცია ვერ შევძელი, ვერც მოვახერხებდი, რადგან აშკარა იყო, ტკივილისგან აგონიაში იმყოფებოდა, ასევე "სასწრაფოს" ექიმები ეხვივნენ თავს. მალევე ის დააწვინეს საკაცეზე და კლინიკაში გადაიყვანეს. შემდგომ გავიგე, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში წაიყვანეს. ამის შემდგომ ადგილზე ფაქტობრივად მოვლენები სწრაფად და პარალელურად ვითარდებოდა.

პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ კახა კამლაძეს და მივიდნენ იქ, სადაც გარდაცვლილი ესვენა. მათ კახა უყვებოდა მომხდარის შესახებ. მე კახას გვერდით ვიყავი, რადგან ის ჩემი დაცვის წევრი იყო და ვნერვიულობდი მომხდარის გამო. მომიყვა, რომ იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, გიჩო საუბრობდა ტელეფონზე და თავად კახა იყო მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

ასევე ნახეთ VIDEO: ვრცელდება ახალი კადრები, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელს ორი იარაღი ჰქონდა

მოულოდნელად გაიგო სროლის ხმა და წამებში დაინახა, რომ კუთხის მოსახვევიდან შემოუხვია მამაკაცმა, რომელმაც სავარაუდოდ, "ვინჩესტერის" მოდელის იარაღიდან, ყოველგვარი გაფრთხილების და საუბრის გარეშე ესროლა გიჩოს. მას არ დაუნახავს, სხეულის რომელ ნაწილში ესროლა პირველად და სად მოხვდა გიჩოს ტყვია, რადგან იქვე დაეცა. წაქცეულსაც ამავე იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ამ სროლების პარალელურად, კახამ ამოიღო იარაღი და მსროლელს დაუძახა, გაჩერებულიყო და რომ პოლიციელი იყო, თუმცა ამის ნაცვლად, მსროლელმა მეორე იარაღი ამოიღო, სავარაუდოდ "მაკაროვი" და კახას მიმართულებითაც გაისროლა ორჯერ ან სამჯერ.

კახამაც ესროლა რამდენჯერმე. მისი თქმით, ალბათ ხუთჯერ. ასევე კახამ მითხრა, რომ მსროლელი მას წაქცეულ მდგომარეობაშიც ესროდა და საფრთხეს უქმნიდა როგორც მის, ასევე გიჩოს და სხვა ადამიანების სიცოცხლეს... როდესაც ადგილზე მივედი, ვნახე, გარდაცვლილი იწვა გულაღმა და სავარაუდოდ, "მაკაროვის" იარაღი იდო მის სხეულზე, ხოლო ფეხების მხარეს ეგდო სავარაუდოდ "ვინჩესტერი". მე სახეზე დავინახე გარდაცვლილი პიროვნება, რომელიც დაახლოებით 40 წლის იყო. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა კახა კამლაძე გაარიდეს იქაურობას, რადგან ბევრი ხალხი იყო მოგროვილი და ტელევიზიებიც იყვნენ. მეც გავყევი მას, რადგან არ მინდოდა მისი მარტო დატოვება. გიჩო მარგველაშვილი არც ფლობს და არც ატარებდა იარაღს, კახაბერ კამლაძეს კი ჰქონდა "გლოკ 17", რომელსაც ატარებდა მხარზე გადაკიდებული ე.წ. ბარსეტკით. ვიზუალურად არ იყო შესამჩნევი... კახა კამლაძემ და გიჩომ ერთმანეთი ჩემგან გაიცნეს, თუმცა შემდეგ მათაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ჩემ გარეშეც ხშირად ყოფილან ერთად..."

არსებული ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი წლების წინ დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება გახლდათ, მეორე ვერსიით, მათ შორის ფინანსური დავა იყო. საქმეზე გამოძიება გრძელდება