პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა

ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ჩასატარებლად საქართველოს არჩევისთვის და საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ როგორც მასპინძელი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე გლობალურ კონფერენციაზე. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია უკვე მეორედ ატარებს ღონისძიებას საქართველოში. პირველად, 2017 წელს ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც  აღმოჩნდა წარმატებული. მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას [აღმასრულებელ კომიტეტს], რომ აირჩია საქართველო მეორედ, ამჯერად უფრო ამბიციური პროექტისთვის. თქვენს მიერ შეტანილი ყოველი წვლილი ღირებული იქნება ღონისძიების წარმატებისთვის.

მე მაქვს პატივი სიტყვით გამოვიდე პროკურატურების ხელმძღვანელთა სესიაზე. ჩვენ შევეხებით პროკურატურების წინაშე არსებულ გამოწვევებს პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობისას. პროკურატურები წარმოადგენენ სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარ მოთამაშეებს და ზოგიერთ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, ისინი ცენტრალური ორგანოების როლსაც კი ასრულებენ. მაშასადამე, ეს იქნება შესანიშნავი ფორუმი რეალური პრობლემების გადასაჭრელად და პერსონალურ დონეზე ქსელების შესაქმნელად, რაც ზოგჯერ შეიძლება ბევრად უფრო საჭირო იყოს, ვიდრე დოკუმენტები“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც თბილისში 25- 29 სექტემბერს ტარდება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

ოთხდღიან კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

ასევე, კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სპეციალური მოწვევით, ევროჯასტის (EUROJUST) პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი, ევროპის (EPPO) მთავარი პროკურორი ლაურა კოვესი, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილე ნაჟატ შამემ ხანი ესწრებიან.

ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, იმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან. ასევე, საქართველოს პროკურატურასა და ევროპის პროკურორის ოფისს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც  აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.

საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია 2011 წლიდან, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.